ხელოვანი, რომლისგანაც ქართულ ტრადიციულ საქმეს უცხოელები სწავლობენ

© პირადი არქივიდანფერთა სიუხვე მინანქრის სამკაულში — მაიკო შანშიაშვილის ხელწერა და კალიგრაფია
ფერთა სიუხვე მინანქრის სამკაულში — მაიკო შანშიაშვილის ხელწერა და კალიგრაფია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირისპირ საუბრებში დღეს ტიხრული მინანქრის ხელოვანს, მაიკო შანშიაშვილს გაგაცნობთ. ხელოვანის მიერ შექმნილი მინანქრის სამკაულები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია. მის მოსწავლეებს შორის საფრანგეთის, რუსეთის, ისრაელის, არაბეთის მოქალაქეები არიან.

პირისპირ საუბრებში დღეს ტიხრული მინანქრის ხელოვანს, მაიკო შანშიაშვილს გაგაცნობთ. ამ ტრადიციულ ხელობას ის დაახლოებით 10 წლის წინ დაეუფლა. მისი ნამუშევრები ორიგინალური ფორმითა და ფერთა სიუხვით გამოირჩევა. ხელოვანის  მიერ შექმნილი მინანქრის სამკაულები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია. მის მოსწავლეებს შორის საფრანგეთის, რუსეთის, ისრაელის, არაბეთის მოქალაქეები არიან.

— ქალბატონო მაიკო, როდის დაინტერესდით ქართული ტიხრული მინანქრით დარითი განსხვავდება თქვენი ნამუშევარი სხვების ნახელავისგან?

— როგორც ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ასევე ჩემი სამკაულები განსხვავდება სხვების ნამუშევრებისგან, თუნდაც ფერთა სიუხვით. ეს ჩემი ხელწერა, ჩემი კალიგრაფიაა. ტიხრული მინანქრის შესწავლა დაახლოებით 10 წლის წინ შემომთავაზეს და მას შემდეგ ამ განხრით ვმუშაობ. დღეს რამდენიმე გალერეა-მაღაზიასა და ერთ მუზეუმთან ვთამნამშრომლობ. პერსონალური გამოფენა არ მქონია, თუმცა ჩემი ნამუშევრები წლების მანძილზე თბილისში არსებულ ხელოვნების გალერეებს საზღვრებს გარეთ გამართულ გამოფენებზე ხშირად გაუტანიათ.

© პირადი არქივიმაიკო შანშიაშვილი
მაიკო  შანშიაშვილი - Sputnik საქართველო
მაიკო შანშიაშვილი

— რამდენად შრომატევადია მინანქარზე მუშაობა?

— სრული ორი დღეა საჭირო. ოღონდ მთელი დღე — დილიდან გვიანობამდე უნდა იჯდე. მე უკვე ხელი მაქვს გაწაფული და სწრაფად ვამზადებ. იმასაც გააჩნია, ნივთი რამხელაა, თუ პატარაა, მას ორ დღეში გავაკეთებ.  

— ქალბატონო მაიკო, რამდენადაც ვიცი, მინანქრის ხელოვნებას ქართველების გარდა უცხოელებსაც ასწავლით.

— დიახ, მინანქრის შესწავლის მსურველები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან მყავს. ჩემს მოწაფეებს შორის იყვნენ: ქართველები, უკრაინელები, ებრაელები, რუსები, საფრანგეთის მოქალაქე და არაბიც კი. თითოეულ მათგანთან მუშაობა გამორჩეულად სასიამოვნო იყო, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ არცერთს ჩემი სტილისთვის არ მიუბაძავს. ყოველმა მათგანმა თავისი ინდივიდუალური ხედვითა და ხელწერით განაგრძო მუშაობა. მათი მიღწევებით ძალიან ვამაყობ. მოწაფეები გარკვეულ გავლენას ჩემზეც ახდენენ, მათგან მეც რაღაც ახალს ვსწავლობ.

© პირადი არქივიდანმინანქრის ნაკეთობა მუსიკალურ თემაზე
მინანქრის ნაკეთობა მუსიკალურ თემაზე - Sputnik საქართველო
მინანქრის ნაკეთობა მუსიკალურ თემაზე

— უცხოელი მოსწავლეებისგან ვის გამოარჩევდით?

— უცხოელები ჩემს შესახებ ძირითადად ინტერნეტიდან და გალერეებიდან იგებდნენ. ყველაზე გამორჩეული მოსწავლე იყო საფრანგეთის მოქალაქე, ეროვნებით რუსი ქალბატონი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ამ საქმის შესასწავლად საქართველოში გაჩერებულიყო. სხვათაშორის ეს ქალბატონი ცხოვრობს საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, სადაც მინანქრის ხუთი სახეობა არსებობს და სადაც ტრადიციულად სამინანქრე მასალის ფერებს აწარმოებდნენ, მაგრამ მას სურდა, ტიხრული მინანქარიც შეესწავლა. ეს ქალბატონი ჩვენთან მასალისთვის წელიწადში ორჯერ ჩამოდის.

მყავდა ქრისტიანი არაბი მოსწავლე, შუახნის მამაკაცი, რომელიც ვერცხლზე მომუშავე ოქრომჭედელია. თურმე მისი დიდი პაპაც ამით იყო დაკავებული. მან მითხრა, რომ ვერცხლზე მარტო ქრისტიანები ვმუშაობთ და ამ საიდუმლოს არავის გადავცემთო. სხვათა შორის,  გასაკვირია, მაგრამ მინანქრის ხელოვნება მისმა დიდმა ბაბუამ მამამისსაც კი არ ასწავლა. როცა ჩემი ნამუშევრები ნახა, სურვილი გაუჩნდა, რომ ტიხრული მინანქარიც ესწავლა, ძალიან მოწადინებული იყო, ახლა გერმანიაში მოღვაწეობს.

© პირადი არქივიდანმაიკო შანშიაშვილი: „ჩემ პიროვნებაზე ჩემივე ნამუშევრები საუბრობს“
მაიკო შანშიაშვილი: „ჩემ პიროვნებაზე ჩემივე ნამუშევრები საუბრობს“ - Sputnik საქართველო
მაიკო შანშიაშვილი: „ჩემ პიროვნებაზე ჩემივე ნამუშევრები საუბრობს“

— რომელ გალერეებში იყო თქვენი ნამუშევრები გამოფენილი?

— ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, გალერეებში:  „ქართული საჩუქარი“, „ვინტაჟი“, „ალადინი“, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ. ეს გალერეები და სხვადასხვა მაღაზიები ისტორიული თბილისის უბნებში მდებარეობს. ამ ადგილებს მრავლად სტუმრობენ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტები. ინდივიდუალური შეკვეთებიც მაქვს. გალერეა „ქართულმა საჩუქარმა“  ჩემი ნახელავი ევროპაში გამოფენა-გაყიდვაზე რამდენჯერმე გაიტანა. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ გამოფენებში შეძლებისდაგვარად ვიღებ მონაწილეობას.

— უცნობ ადამიანს როგორ გააცნობდით საკუთარ თავს?

© პირადი არქივიდანნათელი, უდარდელი, შთაბეჭდილებებითა და სიყვარულით სავსე განცდები მაიკო შანშიაშვილის მინანქრის სამკაულებში
ნათელი, უდარდელი, შთაბეჭდილებებითა და სიყვარულით სავსე განცდები მაიკო შანშიაშვილის მინანქრის სამკაულებში - Sputnik საქართველო
ნათელი, უდარდელი, შთაბეჭდილებებითა და სიყვარულით სავსე განცდები მაიკო შანშიაშვილის მინანქრის სამკაულებში

— ადამიანებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვეცნობი, ვცდილობ ურთიერთობაში უშუალო და უბრალო ვიყო. ვარ ძირძველი თბილისელი, კერძოდ პლეხანოველი. მჭიდრო კავშირი ხელოვნებასთან, კონკრეტულად მუსიკასთან ბავშვობიდანვე მქონდა. ამას გარდა მიტაცებდა ხატვა და ყველაფერი, რაც კი ხელით ნაკეთობასა და ხელოვნებასთანაა დაკავშირებული. მერე ცხოვრებამ სულ სხვა გზით წამიყვანა და ჩემ საყვარელ გატაცებებს დიდი ხნით ჩამოვშორდი. ჩემ პიროვნებაზე ჩემივე ნამუშევრები საუბრობს. ცნობილია, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ წარსულში განცდილი ნათელი, უდარდელი, შთაბეჭდილებებითა და სიყვარულით სავსე განცდები ფერების სახით ჩემი მინანქრის სამკაულებშია გადმოსული. რაიმე განსხვავებული შტრიხი ან ცვლილება სათამაშოებსა და ყველა იმ საგანში, რაც ჩემს გარშემო იყო, ყოველთვის შემქონდა. დღემდე ვცდილობ შეუმჩნეველი, მაგრამ მასისგან განსხვავებული ვიყო. სილამაზის აღქმის ჩემეული უნარი წლების მატებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად უფრო გამდიდრდა.


ყველა ახალი ამბავი
0