თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირველი შემეცნებითი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი „ექსპერიმენტარიუმი“ თბილისში 1 ოქტომბერს გაიხსნება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სფეროებიდან დაახლოებით 80 ექსპონატი, განაცხადეს Sputnik-თან საუბრისას ღონისძიების ორგანიზატორებმა.
„წარმოიდგინეთ ადგილი, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი და საინტერესო იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და ახალგაზრდობისთვისაც“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
„ექსპერიმენტარიუმში“ წარმოდგენილი იქნება ინტერაქტიული ექსპონატები, გარდა ამისა, მუზეუმის კვალიფიციური მეთვალყურეების ქვეშ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ცდების ჩატარება და ღია გაკვეთილების, სემინარების გამართვა.