თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი 26-30 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. ღონისძიების მიზანია — მსოფლიო მრავალხმიანობის თანამედროვე ტენდენციების წარმოდგენა და ეთნომუსიკოლოგიის სფეროს სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობისთვის ხელშეწყობა.
„დასავლეთელმა მეცნიერებმა უდიდესი როლი შეიტანეს ქართული მრავალხმიანობის შესწავლასა და მისადმი ინტერესის გაზრდაში. ქართულ პოლიფონიურობას უკვე სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ერთხმად აღნიშნავენ მსოფლიო ხალხების მუსიკალურ კულტურაში მის განსაკუთრებულ ადგილს“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ქართული მრავალხმიანობის ფორუმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით იმართება, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება.
სამეცნიერო სესიებთან, დისკუსიებთან და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებთან ერთად, სიმპოზიუმზე ფილმების — ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ — ჩვენება მოხდება. ნაჩვენები იქნება რენატო მორელის (იტალია) – „წმინდა ხმები: კუნკორდუს შემსრულებელთა ორი თაობა — ვნების კვირა“, „მრავალჟამიერი: სიმღერით მოგზაურობა სვანეთში“, ასევე ჰუგო ზემპისისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) „კახეთის სუფრული სიმღერები“.
სიმპოზიუმის ფარგლებში გასართობი ღონისძიებებიც გაიამართება. დაგეგმილია ქართველი და უცხოელი შემსრულებლებისა და ანსამბლების ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები. სტუმრებს შორისაა Concordu Lussurzesu-ის ვოკალური ანსამბლი სარდინიიდან (იტალია). ყველა კონცერტი კონსერვატორიის მცირე და დიდ დარბაზში გაიმართება.
სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით იმართება.
საქართველოს მუსიკალური ტრადიციები სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ქართული მრავალხმიანი სიმღერა განსხვავდება დამახასიათებელი ხმის ტექნიკითა და საშემსრულებლო მანერით.
იუნესკომ 2001 წელს ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო პოლიფონიით შედევრად აღიარა.