თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისელები პირველად იხილავენ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ორიგინალური იუველირის, გერმან კაბირსკის სამკაულებს.
კაბირსკის სამკაულები კლასიკური ესთეტიკის ზღვარს სცდება. დიზაინერი სიამოვნებით იყენებს ნოვატორულ გადაწყვეტილებებს და არც ორიგინალური მასალებით ექსპერიმენტებზე ამბობს უარს. სწორედ ასე ქმნის პრინციპულად ახალ, გაბედულ და არასტანდარტულ ნაკეთობებს.
კაბირსკის უყვარს უჩვეულო შეთავსება-შეფარდებები: სპილენძისა და ოქროსი, ლითონისა და ბეწვეულისა, ხისა და ბრილიანტისა…
როგორც თავად ამბობს, მის სამკაულებს ყველაზე ხშირად უფროსი ასაკის, ჭკვიანი და დამოუკიდებელი ქალბატონები ატარებენ, რომლებიც გამუდმებით არიან ძიებაში.
გერმან კაბირსკის ნაკეთობათა გამოფენა, რომელსაც თავადაც დაესწრება, თბილისში 22 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიხსნება Chardin Art Gallery-ში (სასტუმრო „თბილისი მარიოტი“) და 29 სექტემბრამდე გასტანს.
„ეს პირველი გამოფენაა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ამიტომაც ის ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. მიხარია, რომ ეს სწორედ საქართველოში მოხდება, რომელიც კულტურულადაც და მენტალურადაც ძალიან ახლობელია ჩემთვის“, — აღნიშნავს კაბირსკი საკუთარ ფესბუქგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.
გერმან კაბირსკი ცნობილია იმით, რომ უყვარს საკუთარი სამკაულების გაჩუქება. ამიტომ გამოფენის სტუმრები, ტრადიციულად, მისგან დანომრილ კუპონებს მიიღებენ. გამოფენის ბოლო დღეს დიზაინერი 20 საპრიზო ნომერს ამოარჩევს და მომგებიანი კუპონების მფლობელებს ბრენდის ექსკლუზიურ სამკაულებს გადასცემს.
გამარჯვებულების სია ოქტომბრის დასაწყისში როგორც დიზაინერის, ისე მისი გალერეის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნდება.
გერმან კაბირსკი — დაიბადა დაღესტანში. ამჟამად ცხოვრობს ბანგკოკში. საიუველირო საქმე არასდროს უსწავლია. დღეისათვის მისი საწარმოები აქტიურად ფუნქციონირებს აშშ-ში, რუსეთსა და ტაილანდში.
ის იშვიათად ჩნდება პრესასთან და მაღალი წრის საღამოებზე. ამბობს, რომ არ მისდევს მოდას, ვინაიდან „მოდა — ეს ყველასათვისაა, სტილი კი — რჩეულებისთვის“.
კაბირსკის ჯილდოებს შორისაა ლონდონის კონკურსის პრიზი ნომინაციაში „ტექნიკური სრულყოფილებისთვის“, გრან-პრი იუველირთა საერტთაშორისო გამოფენაზე სანქტ-პეტერბურგში, „წლის საუკეთესო იუველირის“ წოდება რუსეთში და სხვ.