თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს განზრახული აქვს, გაემოჯნოს საკუთარ დევიზს „ჩვენ გავუმკლავდებით“ (Wir schaffen das), რომელიც მან ერთი წლის წინ წარმოთქვა გერმანიაში ასობით ათასი მიგრანტის ჩასვლის შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა WirtschaftsWoche-ზე დაყრდნობით.
„ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ფრაზა გაზვიადებულია, რომ მასში ზედმეტად ბევრი ფარული აზრია. იმდენად ბევრი, რომ ვარჩევდი, აღარ გამემეორებინა. ის სუსტ დევიზად იქცა, თითქმის ცარიელ ფორმულად“, — უთხრა გერმანიის კანცლერმა WirtschaftsWoche-ს.
თუმცა მანამდე, აგვისტოს ბოლოს, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ეს ფრაზა იყო „სამართლიანი და მართებული“ და რომ ბევრი რამის გაკეთება მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 2015 წლიდან ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი შევიდა.