ნინი რაზმაძე
- შენს შესახებ მომიყევი?
— დავამთავრე სამხატვრო აკადემიიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტი, მაგრამ მეორე კურსიდან თითქმის არ მივლია აკადემიაში და სამწუხაროდ, იქიდან დიდი ცოდნაც არ წამომიღია. მეორე კურსიდან დავიწყე ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობა, გამოვიარე ბევრი სარეკლამო კომპანია და სტამბა, რაღაც პერიოდით ვიყავი ფრილენსერი, რადგან საოფისე სამუშაოები ძალიან არ მიყვარს. ამჯერადაც ვმუშაობ კრეატიულ სარეკლამო სააგენტო Holmes & Watson-ში Art Director- ის პოზიციაზე და ასევე ვარ ფრილენსერი, მუდმივად მაქვს ცალკეული დაკვეთები კედლის მხატვრობასა და სხვა მიმართულებით.
- როდის დაინტერესდი კედლის მხატვრობით?
— 2007 წელს, პირველ კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტებს შორის ჩატარდა გრაფიტის კონკურსი და მაშინ მომეცა პირველად საშუალება ამ მიმართულებას შევხებოდი, რის შემდეგაც გადავწყვიტე როგორც ჰობი გამეგრძელებინა კედლებზე ხატვა. ეს ჰობიც დღეისთვის საკმაოდ კარგი შემოსავლის წყაროდ იქცა ჩემთვის, რაც დრო გადის დაკვეთებიც იმატებს ამ მიმართულებით და პროექტების მაშტაბებიც იზრდება.
მაქვს საკმაოდ ბევრი ნამუშევარი სხვადასხვა — ესთეტიკის და ტექნიკის თემაზე, ვაკეთებ როგორც კომერციულ დაკვეთებს ასევე სოციალურ არტებს ჩემი ინიციატივით. ზოგადად, კედლის მხატვრობის გარდა, ასევე ვხატავ ციფრულად და ხელითაც სხვადასხვა მასალის გამოყენებით, ვაკეთებ ხელნაკეთ სამკაულებს ხისა და სხვა მასალის გამოყენებით.
- როგორ მოხვდი ფესტივალზე?
— თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან მომივიდა შემოთავაზება მხატვრის სტატუსით მიმეღო მონაწილეობა ქალაქ ხარკოვის ფაშისტური გერმანიიდან გათავისუფლებისა (23 აგვისტოს) და ასევე, უკრაინის დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით (24 აგვისტოს) გამართულ Street Art ფესტივალში, სახელწოდებით “Kharkiv Smart Fest” და მეც დავთანხმდი.
- ფესტივალის შესახებაც მოგვიყევი…
— ამ ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ხარკოვთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენელი მხატვრები. ზოგადად, ფესტივალი, ძალზე სასიამოვნო გამოდგა. გავიცანი საკმაოდ კარგი სთრით-არტისტები, როგორც ადგილობრივი ასევე უკრაინის სხვა ქალაქებიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები. ხარკოვის მოსახლეობა ძალზე სტუმართმოყვარე აღმოჩნდა, ხატვის პროცესში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდიოდა, ინტერესდებოდა და მესაუბრებოდა. როდესაც იგებდნენ რომ საქართველოდან ვიყავი მოწვეული, ძალზე უხაროდათ.
- რატომ გადაწყვიტე ქართული ანბანით კედლის მოხატვა?
— რადგან ფესტივალში ასამბლეის სხვადასხვა ქვეყანა და ქალაქი მონაწილეობდა, გადავწყვიტე, ჩემი ნამუშევრით რამე ქართული გამეტანა ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, გამოვიყენე ქართული ანბანი, ორნამენტები და დეტალები, რომლებიც თანამედროვე გეომეტრიულ და აბსტრაქტულ ფორმებს მოვარგე და 24 კვადრატულ კედელზე გადავიტანე ნახატის სახით.
- მუშაობის პროცსსზე მოგვიყევი როგორ მუშაობდი, ანბანამდე რა იდებიი გქონდა….
— ამ კედლის მოსახატად საერთო ჯამში 3 დღე დამჭირდა — ფონის დაფერვა, მოხაზულობა და შემეგ წვრილი დეტალების სათითაოდ დახატვა, ძირითადა ვმუშაობდი პულივიზატორებით და კედლის მარკერებით. რთული პრინციპში არაფერი იყო ჩემთვის, უბრალოდ საკმაოდ შრომატევადი გამოდგა. იდეებს რაც შეეხება, ფესტივალზე წასვლამდე ძალზე ცოტა დრო მქონდა ესკიზზე სამუშაოდ და შესაბამისად, ბევრი არც მიფიქრია. ვეცადე ერთი მიმართულებით მეფიქრა და რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც ქართულ კვალს დატოვებდა ხარკოვში და ასევე იქნებოდა გამორჩეული. პრინციპში ჩანაფიქრი გამომივიდა, დამთვალიერებლები ძირითადად ჩემს კედელთან ჩერდებოდნენ, რადგან სხვა ნახატებთან შედარებით, სტილისტიკით და ფერებითაც, საკმაოდ კონტრასტული იყო, საბოლოო ჯამში დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
- ეს შენი პირველი კონკურსი იყო თუ მანამდეც მიგიღია მონაწილეობა კონკურსებში?
— ჩემი ინიციატივით მოგზაურობის დროს სხვაგანაც დამიტოვებია კვალი, მაგრამ ფესტივალის სახით საზღვარგარეთ ეს ჩემთვის პირველი გამოცდილებაა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე.
- ახლა მუშობ რაიმე პროექტზე?
— სამსახურის გარდა, ახლა მაქვს საკმაოდ დიდი 3 პროექტის დაკვეთა. მათ შორის არის ქუთაისის აეროპორტი, სადაც 3-სართულიანი შენობა უნდა მოვხატო, რომელსაც იმ კვირაში დავასრულებ. ეს ყველაზე დიდი მასშტაბის კედელი და სივრცეა, რაც აქამდე მომიხატავს და რაზეც მიმუშავია. იმედია, კრგი გამოვა და აეროპორტს გაახალისებს, ტურიტებსაც მოეწონებათ.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
— ერთი რაც ვიცი, ხატვას ვერასდროს ვერ დავანებებ თავს, რა და როგორი სახით განვითარდება ჩემი სამომავლო მიზნები თუ ოცნებები, ამას დრო გვიჩვენებს. დღესდღეობით მთავარი მიზანია, რომ მქონდეს ჩემი სახელოსნო, შოურუმთან ერთად, სადაც ძალიან ბევრ მასალას განვათავსებ. დავხატავ, გავაკეთებ სხვადასხვა სახის აქსესუარებს, საყოფაცხოვრებო და დეკორატიულ ხაზს და ყველაფერზე თავად, მეგობრებთან ერთად ვიმუშავებ. საბოლოო ჯამში გამოვფენ შოურუმში და საზოგადოებას მივაწვდი, როგორც ლოკალურად, ასევე საზღვრებს გარეთაც.