შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის პირველკლასელი შვილი სკოლაში გააცილა

© FB/ МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინსპექტორ-გამომძიებელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში დაღუპული ინსპექტორ-გამომძიებლის გიორგი ბერუაშვილის შვილი პირველ კლასში გააცილა.

ბერუაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გასული წლის 23 იანვარს, პატრულირებისას დაიჭრა. ის 7 თებერვალს გარდაიცვალა. პოლიციელის მკვლელი შალვა აბულაძე აღმოჩნდა, რომელსაც გასული წლის დეკემბერში სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.

„დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა თამარის ცხოვრებაში, რომელსაც თავის მამასთან ერთად უნდა ხვდებოდეს  — გიორგი ბერუაშვილთან ერთად, ჩვენს გმირ პოლიციელთან, რომელიც კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა. მე ძალიან მიმძიმს დღეს მის მაგივრად შვილის სკოლაში წაყვანა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელების შვილებზე, რომლებმაც თავისი სიცოცხლე კრიმინალთან ბრძოლას შეწირეს, მათ შვილებზე ყოველთვის იზრუნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა გოგონას საჩუქრად ჩანთა და სხვა სასკოლო ნივთები გადასცა, ასევე ხელის საათი წარწერით — „მამაჩემი გმირია“.

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელიც 10 ივნისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0