თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისში გაზის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შიდამოკვლევას იწყებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ: გუშინ, 14 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ უბნებში: ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე და ასევე ნაძალადავის რაინოს ერთ ნაწილში, გაზის მკვეთრი სუნი იგრძნობოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სუნის გავრცელება სპეციალურმა ნივთიერებამ, ოდორანტმა გამოიწვია, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვების აღმოსაჩენად გამოიყენეს.
„ამ ფაქტზე „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ გამოძიება დაიწყო და ის პირები, ვინც ამით იყო დაკავებული, აუცილებლად აგებენ პასუხს“, — განაცხადა ხმალაძემ.
„გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უკვე მოუხადა დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიში და საზოგადოებას აუწყა, რომ ნივთიერება ოდორანტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
აღსანიშნავია, რომ გაზის მკვეთრი სუნის გავრცელების გამო 14 სექტემბერს სამაშველო სამსახურში 3 ათასი ზარი შევიდა.