თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვირას თბილისში მეჩეთს ეწვია საიდანაც საქართველო მუსლიმ მოსახლეობას ყურბან-ბაირამის დღესასწაული მოულოცა.
ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლისა თუ ცხვრის ხორცს თანაბრად ანაწილებს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში. მუსლიმები ყურბან ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. მიმდინარე წელს იგი 12 სექტემბერს იწყება.
"ამ დღეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მუსლიმები ეხმარებიან ყველა მათ გარშემო მყოფს, განურჩევლად რელიგიისა. სწორედ ასეთმა თანადგომამ შეინარჩუნა ის უმდიდრესი კულტურა ჩვენი ერთ ქვეყანაში თანაცხოვრების, რომლითაც საქართველო ნამდვილად მდიდარია. საქართველო აფასებს ყველა მუსლიმის წვლილს ერთიანი, ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში და ჩვენი მოწოდებაც გახლავთ ის, რომ ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანს მიეცეს მისთვის ის პირობები, რომ ილოცოს და ღმერთთან ისაუბროს“, — განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ყურბან-ბაირამი ჰაჯის — მუსლიმთა მექაში ყოველწლიური პილიგრიმობის დასასრულია.