— ენდი, რამდენადაც ვიცი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხართ, მაგრამ თავიდან ყველა საქმე გატაცებით იწყება.
— ბავშვობიდან ვხატავ, ვქსოვ და ვქარგავ. მაშინ თოჯინებისთვის ვქსოვდი, მოგვიანებით ჩემი შვილებისთვის ვამზადებდი ორიგინალურ კაბებს. ძალიან მიყვარდა ნელი ოქროპირიძის წიგნი,,ფანტაზია და მარჯვე ხელები'', რომელიც გარკვეულ ასაკამდე ჩემი სამაგიდო წიგნი იყო.
აკადემიაში 2000 წელს ჩავირიცხე. მაშინ ტილოს მაგივრად ფრჩხილებზე ვხატავდი. ეგვიპტური იეროგლიფები, ლურსმული დამწერლობა და ორიგინალური ორნამენტები ფრჩხილზე ზუსტად გადმომქონდა. მსოფლიო ხელოვნების ისტორიას ქალბატონი კიწი მაჩაბელი გვიკითხავდა. ის ჩემს გატაცებას დიდი ინტერესით აკვირდებოდა. ფრჩხილზე ხატვის ხელოვნება ახლა უკვე ძალიან აქტუალურია.
აკადემიაში სწავლის ორი წლის შემდეგ გავთხოვდი. მყავს მეუღლე და ორი შვილი: ნინი და ანა. ამ პერიოდში შემოქმედებითი შესვენება მქონდა, კარგად მახსოვს ის პერიოდი თოჯინების კეთება რომ დავიწყე. დაახლოებით შვიდი წლის წინ, ახალი წელი ახლოვდებოდა, თოვლის ბაბუის შესაძენად გავედი მაღაზიებში, საიდანაც იმედგაცრუებული დავბრუნდი. რაც გაყიდვაში იყო, არცერთი მომეწონა. გადავწყვიტე თვითონ მომექსოვა და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამიტომ კოლექციის მომზადება დავიწყე.
ენდის თოვლის ბაბუები მალე გახდა პოპულარული. გამოფენის შემდეგ ყველამ საკუთარი ნაძვის ხის ქვეშ დაიდო ბინა. მოგვიანებით თექის თოჯინები გავაკეთე. ისინი განსხვავებულები არიან — თვალები არ აქვთ, მაგრამ, რომ უყურებთ, ამის აუცილებლობას ვერ გრძნობთ. ხასიათიც აქვთ და მიუხედავად თვალების არარსებობისა, მაინც გიყურებენ. შემდეგ დისნეის პრინცესების დამზადება დავიწყე. პროფესიონალ მეთოჯინეებთან ერთად რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა.
— აბრეშუმის ჭუპრისგან, ანუ კოკონისგან სამკაულების დამზადება როდის დაიწყეთ?
— დაახლოებით ორი წლის წინ ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მივიღე. აგრარული უნივერსიტეტის აბრეშუმის წარმოების ცენტრიდან მწერდა ქალბატონი მაია ხუციშვილი: ძალიან მომწონს თქვენი თოჯინები და თუ შეგიძლიათ, აბრეშუმის კოკონების გამოყენებით, მუზეუმისთვის თოჯინა დაგვიმზადო? რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ ერთმანეთს რამდენიმეჯერ შევხვდით. ჩემი გადატვირთული რეჟიმის გამო თოჯინის დამზადება ვერ მოვახერხე, თანაც, იმ პერიოდში საწარმოოს ამუშავების პროცესში ვიყავი. როდესაც პრობლემები მოვაგვარე და საქმე წამოვიწყე, დრო გამომითავისუფლდა და დანაპირების შესრულება დავიწყე. აბრეშუმის პარკისგან ისეთი საოცარი სამკაულები გამომივიდა, თვითონაც გაოცებული ვიყავი. ეს პროდუქტი ნატურალურია, ძალიან მსუბუქი, თითოეული მათგანი დაახლოებით ოც გრამს იწონის. ახლა შემოდგომის კოლექციაზე ვმუშაობ. რა თქმა უნდა. არც დანაპირები დამვიწყებია და აბრეშუმისგან ანგელოზს ვამზადებ.
— ამ მასალით, ანუ კოკონით, ვინმე მუშაობს თქვენ გარდა?
— ამ უნიკალური მასალით დამზადებული სამკაულები არსად მინახავს. საქპატენტმაც მოიძია ინფორმაცია და დამიპატენტა. სახელოსნოში მასალის მრავალფეროვნება გვაქვს. ვმუშაობთ როგორც აბრეშუმზე, თექაზე, თიხაზე, ასევე ხის პატარა ფიგურებსაც ვამზადებთ, ბავშვებისთვის —სათამაშო სახლებს. მომავალში მინიატურული ავეჯის დამზადებასაც ვგეგმავთ. ასეთი სახლი სრულყოფილი რომ იყოს, უნჭიერესი ხელოსანი ბატონი ემზარი, მოსახატ პროდუქტს გვიმზადებს.
— ამჟამად მაღაზია-სახელოსნო გაქვთ, რომელსაც „კოკონი“ ჰქვია…
— მეგობართან ერთად სოციალური საწარმოს გაკეთება გადავწყვიტე. ესაა პატარა სახელოსნო, სადაც ჩვენ, ბავშვებთან ერთად საოცარ ნივთებს გავაცოცხლებთ. სახელოსნო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაა და მისი მოგება ისევ საწარმოსა და ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება. სახელოსნო ნაფარეულზეა, ვაკეში. აქ ძალიან თბილი გარემოა, ყველაფერი ისეა მომართული და ხელმისაწვდომი, რომ ხატვა თავისთავად მოგინდება. სივრცე ადაპტირებულია, სპეციალური ავტოსადგომით და პანდუსით. ყველა ერთად საჭირო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მათ ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებთ. ხელოვნება ყველას გვამეგობრებს და შევეცდებით, რომ ამ მეგობრობის ფარგლებში შეუძლებელიც კი შევძლოთ…