თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში სლოვენი ალექსანდრ ჩეფერინის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ნათქვამია სფფ-ის ვებგვერდზე.
უეფას პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრაგია.
მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ორგანიზაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ორივე კანდიდატს შეხვდნენ და მათ პროგრამასა და ფეხბურთის განვითარების სტრატეგიას გაეცნენ.
შეხვედრების დასრულების შემდეგ მათ სლოვენი კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვიტეს ხმის მიცემა და ეს არჩევანი იმით ახსნეს, რომ მათი ხედვა ევროპული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით, სრულად ემთხვევა ჩეფერინის ხედვებს.
უეფას არჩევნები 14 სექტემბერს გაიმართება ათენში, ორგანიზაციის რიგგარეშე კონგრესზე.
იქვე, ათენში გაკეთდება ოფიციალური განცხადება უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელის, მიშელ პლატინის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.
შეგახსენებთ: წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი პოსტს ფიფას ეთიკის კომისიამ ჩამოაშორა. პლატინის მცდელობა, დაემტკიცებინა ამ გადაწყვეტილების უკანონობა, უშედეგო გამოდგა.