ანასტასია შრაიბერი
იმის თაობაზე, თუ რას მიაღწია ქეთა თოფურიამ ამ ხნის განმავლობაში, რის გამო უყვართ მეგობრებს, კოლეგებსა და მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს, Sputnik-ის კოლუმნისტი ანასტასია შრაიბერი გიამბობთ.
როცა მეზობელი ვოკალის მასწავლებელია
ის ძალიან უშუალო, გახსნილი, თავისუფალი, ლამაზი და ნიჭიერია. მასთან ურთიერთობისას გეჩვენება, რომ ქეთაზე უბრალო ადამიანი დედამიწაზე არ დადის. ხოლო როცა იმას გაიაზრებ, რას მიაღწია ამ ახალგაზრდა ქალმა ესოდენ მცირე ასაკში, მაშინვე გინდა სპორტდარბაზში გაიქცე, გათხოვდე, სამშობიაროში მიხვიდე, სცენაზე დადგე და… მოკლედ, ყველგან მოხვდე, სადაც ქალურ ბედნიერებას არიგებენ.
ქეთას „საიდუმლო იარაღი“ ხილულია — ის დაუღალავად შრომობს და საყვარელი საქმით სიამოვნებას ღებულობს. და ეს ყველაფერი ზედმეტი სიტყვების, სტრესების, სკანდალებისა და სხვა სანერვიულო თავგადასავლების გარეშე, რაც შოუბიზნესს ახასიათებს.
ყველაფერი კი თბილისში დაიწყო, სადაც 1986 წელს პაწაწა ქეთა, უფრო სწორად, ქეთევანი დაიბადა. გოგონა ბავშვობაშივე გაიტაცა მუსიკამ. ვოკალის პედაგოგმა, რომელიც თოფურიების მეზობლად ცხოვრობდა, მშობლებს შვილის მონაცემებზე გაამახვილებინა ყურადღება და ურჩია, სერიოზულად ასწავლეთ მუსიკაო.
სიტყვას საქმე მოჰყვა და წარმატებამაც არ დააყოვნა. 12 წლის ქეთამ პირველი გამარჯვება მოიპოვა — ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო კონკურსში „კასპია — მეგობრობის ზღვა“ პირველი ადგილი აიღო. 14 წლისა კი რუსეთის საერთაშორისო კონკურსის „გზა ვარსკვლავებისკენ“ გრან-პრის მფლობელი გახდა.
1998 წელს ქეთამ თბილისის გოგი სუდრაძის სახელობის მუსიკალური სკოლა დაამთავრა, 2003 წელს კი მუსიკალური სასწავლებელი, ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით.
და მალე ქეთას ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. 2003 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმ დროისათვის ქეთას უკვე მთელ საქართველოში იცნობდნენ. მისი ჰიტები „შაირი“, „ცრემლი თვალებს დამისველებს“ და კიდევ სხვა ბევრი ლამის ყველა ნაბიჯზე ისმოდა.
მაგრამ პროდიუსერი ნატო დუმბაძე ქეთას უფრო მასშტაბურ არენას უმზადებდა.
სწორედ იმ პერიოდში პოპულარულმა რუსულ-ყაზახურმა ჯგუფმა A’Studio-მ ახალი სოლისტი გოგონას ძებნა დაიწყო, ვინაიდან პოლინა გრიფისი კოლექტივს ტოვებდა. და ნატო დუმბაძემაც მაშინვე გადაუგზავნა მათ ქეთა თოფურიას ჩანაწერები, მერე კი თბილისში ჩამოსვლაზეც დაითანხმა, რომ ეს განძივით გოგონა პირადად ენახათ.
A’Studio-ს წევრები ასეც მოიქცნენ და ქეთა თოფურიას ძლიერი, ლამაზი და მომაჯადოებული ხმით ისე მოიხიბლნენ — მით უმეტეს, რომ ამას თან უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო ახლდა, ისე დაიბანგნენ — პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, რომ გოგონა ჯგუფში აიყვანეს.
აი, ასე დაკარგა საქართველომ კიდევ ერთი პოტენციური ფსიქოლოგი. ქეთამ სწავლა მიატოვა და მოსკოვის დასაპყრობად გაეშურა…
და დაიწყო, მაგრამ, რა დაიწყო.
2005 წლის მარტში A’Studio-მ ის ოფიციალურად წარადგინა როგორც ჯგუფის სოლისტი. იმავე წელს გამოიცა მისი პირველი ალბომი სახელწოდებით „Улетаю“. ამას მოჰყვა ჰიტები: „Бегу к тебе“, „Сердцем к сердцу“, „Ангел“, „Так же, как все“, „Утренняя гимнастика (Будем жить)“, „Fashion Girl“, „Папа, мама“ და სხვები.
უკომენტარო ჭორები
მალე რუსეთისთვის ეგზომ ეგზოტიკური გარეგნობის ქეთას დიდებასთან ერთად პროფესიის უკუჩვენებებიც დაატყდა თავს. ხან ვისთან აბრალებდნენ რომანებსა და ინტრიგებს და ხანაც — ვისთან: კახა კალაძესთან და ასევე ფეხბურთელ დმიტრი სიჩევთან, შოუმენ იგორ ვერნიკთან, მომღერალ ვლად ტოპალოვთან და სერგეი ამორალოვთან…
და ქეთი თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ ბრძნულად მოიქცა: ჭორებზე კომენტარს არ აკეთებდა, როგორც იტყვიან, არც ჰოს ამბობდა და არც არას. უბრალოდ, თავაწეული განაგრძობდა გზას, ბევრს შრომობდა, ჯგუფთან ერთად გასტროლებზე დადიოდა, ყველა მთავარ მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა და რუსული ესტრადის პრიმადონას ფავორიტიც კი გახდა.
მერე კი, გამომდინარე იქიდან, რომ ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალები არასდროს იმალება, 2010 წელს ცნობილი გახდა, რომ ქეთას სერიოზული რომანი ჰქონდა ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან.
2013 წელს ლევმა სატრფოს საჯაროდ სთხოვა ხელი 18 ივლისს, მაქსიმ გალკინის დაბადების დღეზე, ხოლო 7 სექტემბერს მოსკოვის ერთ-ერთ მმაჩის ბიუროში წყვილმა ხელი მოაწერა.
ორი დღის შემდეგ, 9 სექტემბერს, საკონცერტო დარბაზ Luxury Village-ში, გარდა ქეთას 27-ე დაბადების დღისა, ქორწილის საზეიმო ნაწილიც გაიმართა. ასე რომ, უკვე მესამე წელია, ქეთასთვის ეს დღე ორმაგად სადღესასწაულოა.
და კიდევ ერთი დღესასწაული 2015 წლის 15 ივნისს შედგა, როდესაც ქეთასა და ლევს ქალიშვილი ოლივია შეეძინათ. სხვათა შორის, ოლივიაც ამერიკის იმ სამშობიაროში მოევლინა ქვეყანას, სადაც მანამდე კრისტინა არბოკაიტე, ანა სედოკოვა, ალსუ და ასევე ჰოლივუდის მრავალი მსახიობია დაბადებული.
ჰო, და რაც მთავარია, ლევ გეიხმანი იმ დღეს ერთი წამითაც არ მოშორებია მეუღლეს.
მოდა, ანუ „მეგობრებმა დამითანხმეს“
დღეს ქეთა თოფურია მხოლოდ წარმატებული მომღერალი ან მარტო ბედნიერი დედა და მეუღლე კი არ არის, არამედ დამწყები და საკმაოდ პერსპექტიული დიზაინერიც გახლავთ.
ქეთა ბოლო დროს ხშირად ჩნდება საზოგადოებაში საკუთარი წარმოების სამოსით.
თავდაპირველად ეს ერთეული ექსკლუზივები იყო, მაგრამ მერე მეგობრები — რომლებსაც ძალიან მოეწონათ მისი მოდელები, შეუჩნდნენ და მეტისა და მეტის შეკერვაზე დაითანხმეს.
აი, ასე შეიქმნა სადიზაინერო მარკა KETIone.
უფრო მეტიც. შვილის შეძენის შემდეგ ქეთამ გადაწყვიტა, პატარა გოგონებისთვის ტყავის ქურთუკების პირველი ლიმიტირებული კოლექცია მიეძღვნა — ოლივიას სახელზე.
მალე A'Studio-ს სოლისტმა შოუ-რუმიც გახსნა და Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს მოდის კვირეულზე მისი დებიუტიც შედგა.
ქეთას დიზაინერული ხელწერა იოლი საცნობია: პათეტიკური მინიმალიზმი, თარგის უნაკლო გეომეტრიულობა, ფერთა კლასიკური გამა და მოკრძალებული სექსუალობა.
სხვათა შორის, ქეთას მეუღლე მისი შემოქმედების ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელია. ლევ გეიხმანი გამუდმებით ადევნებს თვალყურს KETIone-ს კოლექციების ჩვენებას — თანაც პირველი რიგებიდან — და ხმამაღლა უკრავს ტაშს ქეთას, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ასწრებს.