თვალდახუჭული ხატვის სურვილი და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან გათავისუფლება...

© FB/Tata BliadzeArt Tata Bliadze
Art Tata Bliadze - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი ნახატები ირეალური სამყაროს ფერადი სიუჟეტებია და მაინც, ისინი რეალობისგან გაქცევის მცდელობა კი არა, მასში ჩაღრმავებისა და სინამდვილისთვის თვალის გასწორების პროცესია...

ხატვის დროს მშვიდდება, ჯაზს უსმენს და არსებულ გარემოს წყდება. მისი ნამუშევრები როგორც ტილოზე, ასევე მუყაოზე იხატება და მუშაობის პროცესში რომელიმე ჟანრი არ იკვეთება. ასეთია მხატვარი ტატა ბლიაძე.

-ტატა, თქვენს ნახატებში სიურეალისტური თემატიკაა, ასეთ ნახატებს ხშირად  წინასწარი „დაგეგმვის“ გარეშე ხატავენ. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება, ანუ სიუჟეტი ხატვის დროს ჩნდება?

— ჩემი ნამუშევრები კონკრეტულ თემატიკაზეა და უმეტეს შემთხვევაში დაგეგმილია. ეს მაშინ, როცა სამუშაო წინასწარ გაქვს განსაზღვრული და პროცესიც გეგმის მიხედვით მიდის. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხატვა გინდა და არ გაქვს განსაზღვრული რა დახატო, ასეთ დროს სიუჟეტი ხატვის პროცესში იქმნება. ჩემი ნამუშევრები როგორც ტილოზე, ასევე მუყაოზე იხატება და მუშაობის პროცესში რომელიმე ჟანრი არ იკვეთება. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყოველ ნამუშევარში ჩემი განწყობა და შინაგანი სამყაროა ასახული, შესაბამისად ეს ყოველივე ჩემეულია. ვფიქრობ, ჟანრის განსაზღვრა ნამუშევრის შეფასებისას ხელოვნებათმცოდნეების პრეროგატივაა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ნამუშევრიდან მრავალი აზრის გამოტანის შესაძლებლობა აქვს. ეს ინდივიდუალური პროცესია. ჩემი ხედვით რეალობას წარმოვაჩენ, ეს ბევრისთვის რაიმეზე მიმანიშნებელი და დამაფიქრებელია. ასეთია ჩემი პიროვნული თვისება, რომ არ დამალო რეალობა და სიმართლეს თვალი გაუსწორო. 

© FB/Tata BliadzeArt Tata Bliadze
Art Tata Bliadze - Sputnik საქართველო
Art Tata Bliadze

- გაიხსენეთ რომელიმე ნახატის უჩვეულო პრეისტორია, ანუ უცნაური ამბავი…

— არ ვიცი, რამდენად საინტერესოა, მაგრამ უცნაური გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთ ნახატს,,დედა სულის მზეა“. აქ მთავარ პერსონაჟს, ქალს გვირგვინად აქვს მითოლოგიური მზე, რომელიც შარავანდედთან გააიგივეს, ჩვილი ლოტოსის ყვავილით კი ღვთისმშობელთან და ყრმა იესოსთან შროშანით ხელში. ჩემი მხრიდან გაიგივების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, საზოგადოების ნაწილმა გამკიცხა და ამგვარი სიუჟეტი რატომღაც მკრეხელობად მიიჩნია. თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ხელოვნების მოყვარულებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, რომელთა გარკვეული ნაწილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პიროვნებას აქვს შეძენილი. 

- ტატა, ორი წლის მანძილზე საკუთარ სახელოსნოში ბევრი ნახატი შექმენით? 

— სახელოსნოში მუშაობისას, ორი წლის მანძილზე 30-მდე ნამუშევარი შევქმენი. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა, მქონდა პერსონალური გამოფენაც, თუმცა ამ ყველაფერს კარგი პიარი და შესაბამისი საგამოფენო სივრცე სჭირდება, რომ ფართო საზოგადოების ინტერესი გამოიწვიოს, რაც ჯერ ვერ შევძელი. 

© FB/ Tata BliadzeArt Tata Bliadze
Art Tata Bliadze - Sputnik საქართველო
Art Tata Bliadze

-ხატვის დროს რაიმე აუცილებელ გარემოს ხომ არ ითხოვთ ან რაიმე შემოქმედებითი ხასიათის „ახირება“ ხომ არ გჩვევიათ? 

— ხატვის დროს მნიშვნელობას ვანიჭებ სიმშვიდეს, ვუსმენ ჯაზს და არსებულ გარემოს ვწყდები. რაც შეეხება ახირებას, არ ვიცი რამდენად ახირებაა, მაგრამ ხშირად გამჩენია სურვილი და მიცდია თვალებდახუჭულს დამეხატა. მაინტერესებდა სიბნელიდან რამდენად ფერადი ნამუშევარი გამოვიდოდა.

-ტატა, თქვენ ამბობთ, რომ „საზოგადოება რეალურად ნიჭიერ ადამიანს ვერ ეგუება და მას უნიჭო, კომფრომისტი სოლისტები ურჩევნია“… 

— ნამუშევარს არ უნდა აფასებდე  მასალის და ზომის მიხედვით, არამედ ინდივიდუალიზმითა და იდეით, რომელიც ახლოსაა შენს სამყაროსთან. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ასეა, რადგან ყველაფერი ფინანსურ შესაძლებლობებზე გადის. გამოფენას, პიარს ისე ვერ გააკეთებ, თუ შესაბამისი ხელშეწყობა არ გაქვს. მხოლოდ ნიჭით კი იშვიათად გახვალ ფონს.

© FB/ Tata BliadzeArt Tata Bliadze
Art Tata Bliadze - Sputnik საქართველო
Art Tata Bliadze

-ტატა, ვიცი, ჩრდილში ყოფნა არ გიყვართ, რა კატეგორიის ადამიანებისთვის ქმნით ნახატებს?

— მიყვარს, როდესაც ღიად წარმოვაჩენ ჩემს შესაძლებლობებს და ამით საზოგადოების ინტერესს ვიმსახურებ. ნამუშევრებს ვქმნი მათთვის, ვისაც ესმის ხელოვნება. ნამუშევარს არ უნდა აფასებდე მასალის და ზომის მიხედვით, არამედ ინდივიდუალიზმითა და იდეით, რომელიც ახლოსაა შენს სამყაროსთან…

-რა არის ხელოვნება? თქვენეული ახსნა როგორი იქნება?…

— ხელოვნება თავისუფლებაა, მას გამოჰყავს ადამიანი თავისი „მეს“ საზღვრებიდან და არღვევს მის ეგოისტურ კარჩაკეტილობას და განცალკევებას… ეს არის ხსნა ყოველგვარი იმ მავნე ჩვევებისგან, რომელიც შესაძლოა, გქონდეს. ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს, თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ის თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან. ნიცშე ადამიანს მოზიდულ მშვილდს ადარებს: ''მშვილდი რომ არ დაიმტვრეს, არსებობს ხელოვნება“…


ყველა ახალი ამბავი
0