თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ქართული სამზარეულო, რომელიც მან თბილისში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე დააგემოვნა, მოეწონა.
საზეიმო მიღება მთაწმინდის პარკში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებისა და ნატოს გენერალური მდივნის საპატივცემულოდ გაიმართა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. უცხოელი სტუმრებისთვის ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები შესრულდა.
„თბილისში პირველად 1995 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა… მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა, რაღაც მაინც დარჩა უცვლელი: ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, ამ ქვეყნის სილამაზე და რა თქმა უნდა, უგემრიელესი სამზარეულო“, — ციტირებს სტოლტენბერგის სიტყვებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით განხორციელდა. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელიც ალიანსის ძირითადი ხელმძღვანელი ორგანოა, საქართველოში 7-8 სექტემბერს გაიმართება. სტოლტენბერგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ღონისძიებებში და საქართველოს პირველ პირებთან მართავს შეხვედრებს.