თბილისი, 8 სექტემბერი— Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსანტებმა უნდა გადაიღონ სახალისო და კრეატიული სამეცნიერო ვიდეოექსპერიმენტი და ილიაუნში გადაგზავნონ. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი, ხოლო სამი საუკეთესო ვიდეოექსპერიმენტის ავტორი დაჯილდოვდება სამეცნიერო ნივთების ნაკრებით მომავალში სახალისო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 24 სექტემბერს, ილიაუნის მეხუთე სამეცნიერო პიკნიკზე, ვაკის პარკში.
პიკნიკში მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო ჯგუფები საქართველოდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან, რომლებიც საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში ერთადერთი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით იმართება.
პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით — საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
ეს ღონისძიება საქართველოში 2012 წლიდან იმართება. შარშან სამეცნიერო პიკნიკზე 20 ათასი სტუმარი იმყოფებოდა.