თბილისი, 7 სექტემბერი— Sputnik. ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კატეგორიულად უარჰყოფს რუსეთის მასმედიის ზოგიერთი საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარაზიტების წინააღმდეგ ახალი თაობის პრეპარატის შექმნის შესახებ.
ინტერნეტში გამოქვეყნდა ინტერვიუ ვინმე ნინა ჯავახიშვილთან, რომელიც თითქოსდა საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. ის ყვება პარაზიტებით გამოწვეული საშინელი დაავადებების შესახებ, თითქოსდა პირის ღრუში არსებული ცუდი სუნი დაკავშირებულია ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებასთან და ყველას ურჩევს მიიღონ პრეპარატი "Bactefort".
„გაცნობებთ, რომ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს არანაირი კავშირი ამ პრეპარატთან არ აქვს და ნინა ჯავახიშვილი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელი. მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და არ გამოიყენოთ გაურკვეველი წარმოების სამკურნალო საშუალება“,- ნათქვამია პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
პრეპარატის შესახებ დაწერილი სტატია გაფორმებულია რამდენიმე შემზარავი ფოტოსურათით, რომლებზეც პარაზიტები ადამიანის ორგანოებს ანადგურებენ. როგორც სტატიის ავტორები ამტკიცებენ, ეს სურათები სწორედ რომ საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტშია გადაღებული, რადგანაც სპეციალისტები გაკვეთების ფოტოარქივს აწარმოებენ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს.