მადრიდის ქართული სკოლა, ანუ როგორ მკვიდრდებიან ქართველები ესპანეთში

© F/B Tamara Metreveliთამარ მეტრეველი
თამარ მეტრეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაღიაროთ, როდესაც ესპანეთში მცხოვრებ ქართველებზე ვსაუბრობთ, ძირითადად კრიმინალთან მათი დამოკიდებულების ამსახველი ფაქტები გვახსენდება. თუმცა საბედნიეროდ ამგვარ სამწუხარო რეალობას სხვა, და შეიძლება ითქვას, ნამდვილი ქართველების საქმეები ფარავს.

 ამის ნათელ ნიმუშად ის ქალბატონი გამოდგება, ვინც ახლა მსურს გაგაცნოთ. ესაა მადრიდში არსებული ქართული საკვირაო სკოლის დირექტორი, პედაგოგი და ფილოლოგი თამარ მეტრეველი.  

- ქალბატონო თამარ, როდის დააარსეთ ესპანეთში, კერძოდ მადრიდში ქართული სკოლა? 

— 2012 წლის 4 დეკემბერს დავაარსე ქართული სკოლა, რომელიც მადრიდის ქართულ ეკლესიაში დღემდე ფუნქციონირებს. 25 მოსწავლე გვყავს  და ძირითადად დაწყებითი კლასების ბავშვები არიან, რის საშუალებასაც კვირაში ერთდღიანი მეცდინეობები გვაძლევს. ჩემი მისია გახლავთ, რომ ბავშვებმა, რომელიც ესპანურ სკოლებში სწავლობენ, ქართული სული და სამშობლოს სიყვარული არ  დაკარგონ. ჩემი მიზანია წერა-კითხვის შესწავლა, საქართველოს ისტორიის გაცნობა, ამ ყველაფერს კი ბავშვებს უფასოდ ვთავაზობთ. მხოლოდ ჩვენი სურვილით და დიდი ენთუზიაზმით ჩემს გვერდით იგივე აზროვნების პედაგოგები მყავს: ცირა მელქაძე, რომელიც ამერიკაში წავიდა და 3 წელი ემსახურა ჩვენს ბავშვებს. იგი შეცვალა ბატონმა ნოდარ ნადირაძემ, რომელიც ახალი ჩამოსულია და უყოყმანოდ დამთანხმდა ისტორიის გაკვეთილები ჩაეტარებინა, თია ქურხული, ახალგაზრდა ქალბატონი დაწყებითის სპეციალისტი, რომელიც პატარა შვილის აღზრდას, სამსახურებს და სკოლას სიამოვნებით უთავსებს ერთმანეთს. ეს ადამიანები უფრო მეტ საქმეს აკეთებენ ვიდრე რომელიმე ჩვეულებრივი პედაგოგი საქართველოში. ერთ თავისუფალ დღეს სკოლაში ბავშვებთან ვატარებთ, ეს უფრო დიდი საქმეა ჩემი ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე რომელიმე სავაჭრო ცენტრში უსარგებლოდ სეირნობა და დროის ფუჭად გაყვანა. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, თითქოს არავინ დგას ჩვენს გვერდით. სკოლის დაარსებასა და მის განვითარებას ხელი შეუწყო იმ ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელბმაც ქართული ეკლესია დააარსეს და ჩვენთვის ერთი ოთახიც გამოყვეს, ეკლესიას მამაო პიროსი გოცირიძე ხელმძღვანელობს, ახალგაზრდებს- ვასილ ლალიაშვილი.

© FB/ Tamara Metreveliსაკვირაო სკოლა მადრიდში
საკვირაო სკოლა მადრიდში - Sputnik საქართველო
საკვირაო სკოლა მადრიდში

-ქალბატონო თამარ, რა იყო ემიგრაციამდე? 

— პროფესიით პედაგოგი ვარ, სპეციალობით ფილოლოგი, განათლების სისტემაში მუშაობის 24 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს.ვიყავი ნაძალადევის რაიონის განათლების მეთოდისტი, მოსწავლეთა ცენტრის მეთოდური განყოფილების გამგე და 2005 წლიდან მეთექვსმეტე სკოლის დირექტორი, მყავს მეუღლე და ორი შვილი. ვაჟების დედა ვარ და ახლა უკვე შვილიშვილიც მყავს, მეორესაც ველოდები. მეუღლე, მამუკა ჩადუნელი პოლიციის მაიორი გამომძიებელი, ჯერ მცხეთის რაიონში, შემდეგ ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში გახლდათ. ჩვენი ოჯახის ემიგრაციის მიზეზი სწორედ მეუღლის უკანონო დაპატიმრება გახდა. რაც შეეხება ემიგრაციას, მე მასაც პერიოდებად დავყოფდი, პირველი სამი წელი ურთულესია და გაუსაძლისი იმ თვალსაზრისით, რომ გაქვს ნოსტალგია, არ იცი ენა და იძულებული ხარ, ნებისმიერი შემოთავაზებული სამსახური მიიღო, თითქმის არჩევანის საშუალება არ გრჩება, მაგრამ სახელმწიფო გთავაზობს უფასო ენის კურსებს და სარგებლობ ისეთივე სოციალური სამედიცინო უფასო დახმარებით, როგორც ნებისმიერი ესპანელი, უფასო ოპერაციებს და მედიკამენტებზე ფასდაკლებას.

-სკოლის პარალელურად თქვენ ესპანურ ასოციაციასთანაც თანამშრომლობთ… 

— დიახ, გაერთიანებული ვარ ესპანური ასოციაციის „UNIVERSAL ATENEO“-ის საქმიანობაში და მის პრეზიდენტთან, ქალბატონ გლორია ესტერტთან ვმეგობრობ. მან ჩვენი საელჩოს მეშვეობით მომძებნა და უამრავი საინტერესო პროექტი შემომთავაზა. შარშან 9 თვიანი კურსები წავიკითხე ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან, რომლის გამეორებას წელსაც ვაპირებთ. საინტერესო კონფერენციებსა და ღონისძიებებზეც ხშირად მიწვევენ. ამ გაზაფხულზე პოეზიის საღამოზე წავიკითხე ქართული პოეზიიის მარგალიტები: გალა და რუსთაველი, ერთი საკუთარი ლექსიც წავიკითხე, რადგან პროექტი პოეტების გამოსვლასაც ითვალისწინებდა, თუმც პოეტი არ გახლავართ. საღამოს ესწრებოდნენ ქვეყნის ელჩები და კულტურის მინისტრები, ჩვენს მხარეს მამაო პიროსი გოცირიძე, დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა მოწონება, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდათ რას ვკითხულობდი. 

© FB/ Tamara Metreveliსაკვირაო სკოლა მადრიდში
საკვირაო სკოლა მადრიდში - Sputnik საქართველო
საკვირაო სკოლა მადრიდში

-ქალბატონო თამარ, ამბობენ, ესპანეთი ქართველებისთვის ერთ-ერთი ადვილად შესაგუებელი უცხო ქვეყანააო… 

— ჯერ იმას გეტყვით, რომ ესპანეთში ქართული ემიგრაცია სულ 20-25 წელს ითვლის, დღევანდელი მონაცემებით, რომელიც არა მგონია, ზუსტი იყოს, დღეს 45 000 ემიგრანტს ითვლის, აქედან ბევრი არალეგალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მეტად ლიბერალურია, მეტ შესაძლებლობას იძლევა მუშაობის, რომელიც ძირითადად ნდობაზეა დამყარებული. ქართული ემოგრაციის 80% დაბალ და საშუალო ფენას წარმოადგენს, სახელმწიფო სამსახურებში შედარებით მცირე ნაწილია დასაქმებული, ძირითადად საოჯახო კონტრაქტებით ვარ დაკავებული, სწორედ ეს გახლავთ ამ ქვეყანაში ემიგრანტთა ზრდის მიზეზი. თუმცა ამ ბოლო დროს შერეულმა ოჯახებმაც იმატა, ანუ ქართველი ქალბატონების შეუღლებამ ესპანელ მამაკაცებთან. 

© FB/ Tamara Metreveliსტუმრები საქართველოდან
სტუმრები საქართველოდან - Sputnik საქართველო
სტუმრები საქართველოდან

- ქართული და ესპანური ხასიათი: რა მსგავსებაა მათ შორის? 

— ესპანური ხასიათი ქართულს რაღაცით მართლაც ჰგავს. ესაა ტრადიციები, ოჯახის სიმტკიცე და მრავალშვილიანობა ესპანელების დამახასიათებელი ნიშანია, იმ განსხვავებით, რომ ესპანელებს უფრო სწორი აღზრდის მეთოდები აქვთ, ისინი ბავშვობიდან ასწავლიან შრომას, ამზადებენ მათ ცხოვრების დამოუკიდებელ რელსებზე გადასასვლელად, მათ ისევე უყვართ და უფრთხილდებიან ოჯახის წევრებს, როგორც ჩვენ, უფროსებთნ მიმართებაში ბავშვებიც ისეთივე დისტანციურები არიან, როგორც მათი მშობლები, ამით რისი თქმა მსურს იცით? მათ იციან ვის როგორ უნდა მოექცნენ და როგორ დაიმკვიდრეონ ადგილი ამ ქვეყანასა და საზოგადოებაში…. ორიენტირებული არიან განათლებასა და პროფესიულ საქმიანობაზე, აქ არა აქვს მნიშვნელობა ვისი შვილია, გახდა სრულწლოვანი, მან უნდა აირჩიოს სათანადო პროფესია და შექმნას ოჯახი, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით. თუმცა მშობლებიც ეხმარებიან, მაგრამ არა ისე, რომ მშობლებზე დამოკიდებული გახდნენ. ესპანელი ახალგაზრდა სწავლის პარალელურად შრომობს. გართობასა და დროსტარებისთვის დრო არ რჩება. მშობლის ქონებას კი შვილები მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ იღებენ. ეს ხალხი გამორჩეულია უბრალოებით და თანადგომით, ამას პირადი გამოცდილებით ვწერ თუმცა არ მინდა იმის ილუზია შევქმნა, რომ ყველა ესპანელი ერთანირია და ისე გიყურებს, როგორც მეგობარს ან ოჯახის წევრ, ბევრ ატირებულ ქართველსაც შევხვედრივარ, რომლებიც მათდამი არასასურველი დამოკიდებულების გამო ჩივიან. ჩვენ ევროპელ ხალხად გვთვლიან, აქ უმრავლესობა ლათინოამერიკული ქვეყნების მოსახლეობა მუშაობს ისეთ სამუშაო ადგილებზე, როგორიც მძიმე სამუშაოდ ითვლება. 

- თქვენი ქართული მონატრება, როგორი ის?

— რა თქმაუნდა მონატრება დიდია, მაგრამ უკვე გაუსაძლისი აღარაა, რადგან მე კარგად ვარ შერწყმული აქაურ კულტურასა და ზნე-ჩვეულებებს, მომწონს ესპანელი ხალხის ღიმილიანი დმოკიდებულება. მაქვს სოფელი ესპანეთის ჩრდილოეთით, სადაც ახლობლები მუდამ თბილად და სიყვარულით მხვდებიან. მაქვს ურთიერთობა მადრიდის არჩვეულებრივ საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, აკადემიკოსებთან, კომპოზიტორებსა და იურისტებთან, რომლებსაც ჩვენი ენის, როგორც უძველესი კულტურის შესწავლის სურვილი აქვთ. ამ წელს დავასრულებ წიგნის გამოცემას, რომელზეც ვმუშაობ. საკმაოდ შრომატევადია ესპანელებისთვის ქართულის შესწავლა, ასეთი სისტემა, მეთოდი ჯერ არ არსებობს და მსურს მალე დავასრულო. ამ ზაფხულს შეხვედრა მქონდა სასულიერო აკადემიის პრორექტორთან, რომელმაც ძველი ქართული ენის შესწავლის მიზნით სამთვიანი კურსების ხელშეკრულება შემომთავაზა. მადრიდში მყავს საუკეთესო მეზობლები, ოჯახები, სადაც ძიძად ვმუშაობდი და ჩემი აღზრდილი ესპანელი ბავშვები, რომლებთანაც სიყვარული და საოცრად დიდი სითბო მაკავშირებს. წელს გამომივიდა საბუთი ევროკაშირის სხვა სხვა ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის უფლებით. წელიწადში ორჯერ ვსტუმრობ სამშობლოს, ოჯახს, სადაც შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, ახლობლები დედმამიშვილები და საყვარელი დედა მელოდება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ დამოკიდებულებას, რაც ქართველებს შორისაა, ეს გახლავთ საუკეთესო მაგალითი მეგობრობისა და გვერდით დგომისა, რაც პირველივე დღეს ვიგრძენი და დავინახე, სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს როგორ ეხმარებიან, აცნობენ აქაურ წესებს და სამსახურების შოვნაშიც ეხმარებიან. ასე ვაგრძელებთ მერე ტრადიციასავით, ვინც ფეხზე დგება და ენასაც კარგად ფლობს ახალ ჩამოსულს ეხმარება. ასე ვიმკვიდრებთ ადგილს ქართველები ამ შორეულ ესპანეთში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0