გალასავით რომ გიყვარდეს ქალი.. შენც უნდა იყო ცოტათი ... დალი...

სალვადორ დალი და გალა
სალვადორ დალი და გალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

გინდათ, ინტრიგა თავიდანვე შემოვიტანო?  ვიცი, რომ გინდათ…. თქვენც ჩემსავით კეთილი „ინტრიგანები“ ხართ… ხოდა, შეგეკითხებით მაშინ… ხომ ხდება ჩქარი  და ემოციური ბეჭდვის დროს, ადამიანს ასოები რომ ეშლება?  ხოდა მე რომ შემშლოდა მაგალითად და დამეწერა: „ძალიან დალი (და არა დილა)  მშვიდობისა!“… ხომ  გაგახსენდებოდათ სალვადორ დალი?  სალვადორ დალის გახსენებას ხომ აუცილებლად მოყვებოდა მისი მთავარი მუზის და მეუღლის გალას გახსენება? 

ჰოდა, სწორედ ეს არაჩვეულებრივი, შესანიშნავი, აბსოლუტურად გაუგებარი და ამოუცნობი ქალბატონი ამობრძანდება დღეს ჩვენს აივანზე, რადგანაც  ის დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1894 წლის 7 სექტემბერს…

გალა (ელენე დიაკონოვა), მიეკუთვნება იმ მანდილოსანთა რიცხვს, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული ხიბლი და შარმი, ზოგჯერ ჩვეულებრივი მომაკვდავთათვისთვის გაუგებარი,  მაგრამ სამაგიეროდ უნიჭიერესი შემოქმედებებისთვის და გენიოსებისთვის იმდენად ცხადი, რომ ისინი ხშირად მათ არა მხოლოდ თავის შედევრებს უძღვნიან, არამედ ეწირებიან კიდევაც…

გალა
გალა - Sputnik საქართველო
გალა

გალა დაიბადა  ყაზანში, ითვლება რომ იყო პროვინციელი, მაგრამ  ის სულ მალე გადავიდა მოსკოვში. სავარაუდოდ, მისი დედის ბებიის დახმარებით, რომელიც ცხოვრობდა ასევე პროვინციაში, ტობოლსკში, მაგრამ ოქროს საბადოებს ფლობდა. გალა მოსკოვში სწავლობდა  პრესტიჟულ გიმნაზიაში, რომელშიც  ცოდნას ეუფლებოდნენ მარინა ცვეტაევა და მისი და ანასტასია.  სხვათაშორის გალას  ოჯახს იმის საშუალებაც ქონდა, რომ 1912 წელს 18 წლის გალა წავიდა დასასვენებლად შვეიცარიის სანატორიუმ „კლავადელში“, სადაც გაიცნო  იმ დროისთვის დამწყები პოეტი პოლ ელუარი და სწორედ გალაში შეყვარებულმა პოეტმა დაიწყო სასიყვარულო ლექსების წერა იმ ვნებით, რომელიც შემდგომში გაყვა მთელ მის შემოქმედებას და ის ცნობილი პოეტი გახადა.  1917 წელს გალამ და პოლმა იქორწინეს და ერთ წელიწადში მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, სესილია.  დაიმახსოვრეთ, ცნობილი ფრანგი პოეტი პოლ ელუარი იყო პირველი მამაკაცი, ვისთვისაც ერთადერთი მუზა გახდა გალა…

1921 წელს ელუარი და გალა ეწვიენ  ცნობილ მხატვარ-ავანგარდისტ მაქს ერნსტს კიოლნში. მაქსმა დახატა გალას რამდენიმე პორტრეტი და მათ შეუყვარდათ ერთმანეთი… გალა გახდა ერნსტის საყვარელი, მუზა და მიაღწია იმას, რომ მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა პოლ ელუარის სახლში საფრანგეთში…  ალბათ, გაგახსენდათ ვლადიმერ მაიაკოვსკის და ლილია ბრიკის ანალოგიური ისტორია…  დაიმახსოვრეთ, მაქს ერნსტი იყო მეორე მამაკაცი, ვისთვისაც ერთადერთი მუზა გახდა გალა…

1929 წელს ელუარი  და 35 წლის გალა ესტუმრენ ახალგაზრდა კატალონელ მხატვარ, 25 წლის  სალვადორ დალის,  კადაკესეში, სადაც მან მოიწვია მხატვარი მაგრიტი და პოეტი  პოლ ელუარი, მეუღლეებთან ერთად…    დალიმ, რომელიც  იმ დროსითვის უკვე გამოირჩეოდა თავისი ექსცენტრიული ქცევით, გადაწყვიტა შოკში ჩაეგდო სტუმრები და წინასწარ გაამზადა „სუნამო“ — თხის ნაკელისგან და ლავანდის ზეთისგან.  ეს-ესაა ტანზე წასმას აპირებდა, უცებ ფანჯრიდან დაინახა თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი, შავი გაშლილი და ქარისგან აწეწილი  თმებით…  მაშინ დალიმ  გვერდზე გადადო „სუნამო“, ჩაიცვა კვასკვასა ნარინჯისფერი პერანგი, ყურთან გაირჭო  ყვავილი და გავარდა სტუმრების შესახვედრად…

გალა სალვადორ დალისათვის სიცოცხლის ბოლომდე ერთადერთ მუზად დარჩა
გალა სალვადორ დალისათვის სიცოცხლის ბოლომდე ერთადერთ მუზად დარჩა - Sputnik საქართველო
გალა სალვადორ დალისათვის სიცოცხლის ბოლომდე ერთადერთ მუზად დარჩა

გალას დანახვაზე, ის ისე დაიბნა, რომ  იმის მაგივრად, რომ მას ხელი ჩამოართვას, დაიწყო ხითხითი და მის ირგვლივ საცეკვაო  ილეთების შესრულება…  თავად დალის შეფასებით, რომელსაც ის გაცილებით გვიან გააკეთებს, ეს იყო ის წუთი, როცა მას გალა შეუყვარდა და თანაც სიგიჟემდე… ამ დღიდან და ბოლო წუთამდე დალი  გალას უწოდებდა ღვთაებრივს… ჩვენ კი დავიმახსოვრებთ, რომ სალვადორ დალი იყო უკვე მესამე კაცი, რომლისთვისაც ერთადერთი მუზა გახდა გალა…

არ ვიცი, ალბათ, ყველაზე იოლია ამ ქალს რაღაცა  ჩვეული ეპითეტი მოუნახო… გაკიცხო, დაადანაშაულო, თუ გინდა, ჯვარს აცვა…

უფრო რთულია ჩაწვდე მის სასწაულ ფენომენს…  ის არ ეძებდა მდიდარ კაცს… ასე რომ ყოფილიყო,  პოლ ელუარზე შეჩერდებოდა, რადგანაც მისი მამა საკმაოდ მდიდარი მეწარმე იყო… არ ეძებდა უბრალოდ ნიჭიერ კაცს… ამ შემთხვევაში, შეჩერდებოდა ისევ პოლზე ან ერნსტზე… როგორც ჩანს, ის ეძებდა ზუსტად სალვადორ დალის, საოცრად უცნაურ ესპანელ გენიოსს, რომელსაც, ჭირდებოდა მხოლოდ ერთი ქალი — გალა, რომელიც მას გახდიდა შეუდარებელ მხატვრად., რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ეთაყვანება…

სწორედ გალასთან შეხვედრის შემდეგ, დაიწყო დალიმ ფანტასტიური სურათების შექმნა, რომლებსაც ტყუილად კი არ აწერდა ხელს  „გალა-სალვადორ დალი“…  მაშინაც კი, როდესაც მათ სერიოზულად უჭირდათ,  როდესაც გალერეების მფლობელები ეჭვის თვალით უყურებდნენ დალის  ძალიან უცნაურ სურათებს, გალა  მას უმეორებდა  - „შენ სულ მალე გახდები ისეთი დიდი, როგორიც მე მინდა რომ გახდე“… მან ეს დაიჯერა და… გახდა, რადგანაც ჯეროდა გალას ყოველი სიტყვის….

როდესაც დალიმ მიაღწია   წარმატებისა და პოპულარობის  პიკს, გალა მას პატარა ბავშვივით ასწავლიდა საზოგადოებაში ქცევას, კარგ მანერებს, დახვეწილად ჩაცმას. გალა,  მუზის გარდა,  იყო დალის სახლმმართველიც, მძღოლიც, მოლარეც,  მთავარი მეხოტბეც და კრიტიკოსიც…

სამწუხაროდ, დალის და გალას ცხოვრების ბოლო წლები საკმაოდ მძიმე იყო… გალამ მოიტეხა მენჯის ძვალი  და ამ ტრავმამ საწოლს მიაჯაჭვა… დალი კი დაავადდა პარკინსონის ავადმყოფობით და ვერ ხატავდა…  1982 წელს, გალას გარდაცვალების შემდეგ, დალი განმარტოვდა  პუბოლში, შუა საუკუნეების  სასახლეში, რომელიც აჩუქა გალას და რომელშიც ჩადიოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეუღლისგან წერილობით დასტურს მიიღებდა…  ამჯერად მას დასტური აღარ დაჭირდა… ცხოვრების ბოლო 7 წელი გალას გარეშე, დალიმ გაატარა ფაქტიურად სიმარტოვეში… ის უარს აცხადებდა ყველას მიღებაზე… 

გალას და დალის ანდერძებში ეწერა, რომ ისინი მთელ თავის ქონებას დაუტოვებდნენ ერთმანეთს…  გალა აღარ იყო და დალიმ თავისი ქონება და ყველა ნაწარმოები დაუტოვა ესპანელ ხალხს…

ერთხელ დალიმ თქვა: „დედაზე, მამაზე, პიკასოზე და თავად ფულზეც კი მეტად,  მე მიყვარს გალა…“  ეს გამოთქმაც ექსცენტრიული და დალისებურია, მაგრამ მაინც ვერ მალავს იმ მთავარს, რომ  მას გალა მართლა საოცრად უყვარდა…  აღმერთებდა, უთმენდა, პატიობდა,. უძღვნიდა  თავის ქმნილებებს… ცხოვრობდა და სუნთქავდა მისთვის…

და დალისნაირი კაცს როცა ასე უყავრახარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის ღირსი ხარ და რაღა თქმა უნდა, ხარ განსაკუთრებული…

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და სიყვარულით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0