თბილისი, 7 სექტემბერი— Sputnik. პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსის „ახალი თალღა 2016“ საქართველო ისევ ლიდერთა ხუთეულშია.
„ახალი თალღა 2016“ დაიწყო სოჭში 3 სექტემბერს და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფინალში 16 შემსრულებელი იღებს მონაწილეობას.
საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნადიბაიძე მეოთხე ადგილზეა. საქართველოს მეორე წარმომადგენელი ალისა დანელია 11-ზეა.
მეორე ტურში, 6 სექტემბერს, „დუეტების დღე“ შედგა. „ახალი ტალღის“ მონაწილეები New Wave Hall-ის სცენაზე კომპოზიტორ ვიქტორ დრობიშის სიმღერებს ასრულებდნენ. საღამო მიეძღვნა პოპულარული კომპოზიტორისა და პროდიუსერის 50 წლის იუბილეს.
გიორგი ნადიბაიძემ ქეთი თოფურიასთან დუეტში შეასრულა სიმღერა "Она не твоя".
რუსეთის სახალხო არტისტის, პროდიუსერისა და კომპოზიტორის იგორ კრუტოის თავმჯდომარეობით ჟიურის მუშაობაში მონაწილეობდნენ მომღერლები და კომპოზიტორები იგორ ნიკოლაევი, ფილიპ კირკოროვი, ლეონიდ აგუტინი, ვალერია, ანი ლორაკი, ანჟელიკა ვარუმი, ვალერი მელაძე, კონსტანტინ მელაძე, ვიქტორ დრობიში, ბერძენი კომპოზიტორი დიმიტრის კონტოპულოსი, "ГПМ Радио"-ს გენერალური დირექტორი იური კოსტინი და მუსიკალური არხის МУЗ ТВ-ს გენერალური დირექტორი არმან დავლეტიაროვი.
შესრულებისათვის ნადიბაიძემ 141 ქულა მიიღო. მისი ჯამური შეფასება 280 ქულაა.
ალისა დანელიამაც ქართველ შემსრულებელთან —სოსო პავლიაშვილთან ერთად იმღერა. სიმღერისათვის "Я все еще люблю" მან 130 ქულა მიიღო. ორ საკონკურსო ტურში ალისას 265 ქულა მოუგროვდა.
ბოლო, მესამე ტური, „პრემიერების დღე“, „ახალი ტალღაზე“ 8 სექტემბერს გაიმართება.
„ახალი ტალღა“ პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. 2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ლატვიის ქალაქ იურმალაში იმართებოდა. 2015 წლიდან კონკურსი სოჭში იმართება. კონკურსის იდეა კომპოზიტორებს იგორ კრუტოისა და რაიმონდ პაულსს ეკუთვის.
გარდა ამისა, სოჭში ფესტივალზე იმღერებენ სოფია როტარუ, სოსო პავლიაშვილი, პოლინა გაგარინა, სტას მიხაილოვი, ფილიპ კირკოროვი, ირინა ალეგროვა, ვალერი ლეონტიევი, ალსუ, გრიგორი ლეპსი, ლოლიტა, A’Studio, ვალერი მელაძე, იოლკა, ვერა ბრეჟნევა, ბიანკა, სერგეი ლაზარევი, სტას პიეხა, სლავა, ჯიგანი, ჯგუფები „გრადუსი“, „ლენინგრადი“, „ვია–გრა“ და სხვ. კონკურსს პირდაპირ ეთერში ტელეარხი "Россия 1" გადასცემს.
„ახალ ტალღაზე“ საქართველოს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. კონკურსის გამარჯვებულები ქართველი შემსრულებლები ორჯერ იყვნენ: 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ და 2014 წელს ნუცა ბუზალაძე.