თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში საფეხმავლო ზონების რაოდენობა იზრდება, იუწყება ქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება:
• აღმაშენებლის გამზირის N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი)
• ერეკლე მეორის ქუჩა
• ბოტანიკური ქუჩა
• ალექსანდრე დიუმას ქუჩა
• გორგასლის I შესახვევი
ამას გარდა, საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც, რომელთა შესასვლელებშიც ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება, ხოლო მათი მართვის პულტები მხოლოდ მოსახლეობას გადაეცემა.
„საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ“, — ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.
მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით მიიღო.