თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო, საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დეპუტატების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი პარლამენტი, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
„მეეჭვება, რომ ჩვენ სესიისთვის შევიკრიბოთ. წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, დე-ფაქტო პარლამენტი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს. ვფიქრობ, საზოგადოების წინაშე არ ვიქნებით მართალი თუ ისეთი თემების განხილვას დავიწყებთ, რომელთა ბოლომდე მიყვანას პრაქტიკულად ვერ შევძლებთ და მესამე მოსმენით ვერ მივიღებთ“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.
რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო წელს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტის სხდომები არ ტარდება.აუცილებლობის შემთხვევაში, ამ პერიოდში რიგგარეშე სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან საკანონმდებლო შემადგენლობის ერთი მეოთხედის მოთხოვნით იწვევს.