ცრუმორწმუნე ჩეხები, პრაღაში არსებული „თბილისი“ და „სტალინი“ ჩეხი თინეიჯერებისთვის

© zlatapraha.netპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტის ჩანაწერებიდან. ჩეხეთი ნაწილი მესამე.

 დავაკვირდი, რომ უცხო ქვეყანაში ქვეცნობიერად ყველგან საქართველოსა და ქართულთან პარალელებს ვეძებ ხოლმე. შევეცდები პირად მოსაზრებებზე აგებული ცოცხალი შთაბეჭდილებები გაგანდოთ.  

შემდეგი სამოგზაურო პუნქტი ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა იყო. ყველასთვის ცნობილია, რომ სიყვარულის ეს ქალაქი და ევროპის გული, ულამაზესი ქუჩებითა და არქიტექტურული შედევრებით გამოირჩევა. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ის ისეთივე კულტურული შოკია ტურისტისთვის, როგორც მსოფლიოში განთქმული ფლორენცია. პრაღა  ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ უცნაური სურვილი გიჩნდება, რომ ძველი ქალაქის ქუჩებში დიდხანს იხეტიალო და მერე, სულაც ჩაიკარგო მასში… ყველაფერი ტურისტებზე გათვლილია და მათთვისაა. ესაა ქალაქი — ისტორიული ადგილებით, მუზეუმებით, კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ხედებით, რეტრო ავტომობილებით, ბარ-რესტორნებითა და უცნაურად და სახალისოდ გაფორმებული ვიტრინებით…

© თ. გოგნიაშვილი"რეტრო" პრაღის ქუჩებში
რეტრო პრაღის ქუჩებში - Sputnik საქართველო
"რეტრო" პრაღის ქუჩებში

რაც შეეხება ხალხს, მომიტევეთ და, ჩემი დაკვირვებით ჩეხები უნგრელებივით თბილები და ყურადღებიანები არ არიან (მე ქუჩაში მოარულ მასას ვგულისხმობ).  და ყველაზე მეტს მაინც ვალუტის გადასახურდავებელ პუნქტებში იტყუებიან. 

ცრუ ნიშნებისა და ასტროლოგიის ჩეხებს ძალიან სწამთ, ჯერ მარტო პრაღის ცნობილი ასტროლოგიური საათი რად ღირს. პრაღის ხიდებზე ნახავთ შეყვარებულების მიერ საგულდაგულოდ ჩაკეტილ ბოქლომებსა და ადგილებს, სადაც მათი აზრით, სურვილს თუ ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგიხდებათ… შეგახსენებთ, რომ თვით კარლ მეოთხემ პირველი ქვა კარლოვის ხიდზე, სადაც 13 რელიგიური სკულპტურაა, მეთოთხმეტე საუკუნეში ზუსტად მითითებულ დროს, ანუ 1357 წლის 9 ივლისს, დილის 5:31 წუთზე დადო. ეს თარიღი მან წინასწარ შეუთანხმა ასტროლოგებს, რომლებმაც ის დაარწმუნეს, რომ ზუსტად ამ დროს აგებული ხიდი იქნებოდა გამძლე და საუკუნეებს გაუძლებდა. ერთხელ გავლის შემდეგ ამ ხიდზე კვლავ და კვლავ დაბრუნების უცნაური სურვილი გიჩნდება, თანაც, მისგან ქალაქის საოცარი ხედები იშლება… ამ ხიდზე სხვადასხვა მუსიკის მიმდევრები საკუთარ ხელოვნებას ცოცხლად გთავაზობენ. აქვე, სურვილის შემთხვევაში გარკვეული ანაზღაურების ფასად 5 წუთში იხილავ საკუთარ პორტრეტს თუ კარიკატურულ ჩანახატს…

© photo: courtesy of Teona Gogniashviliპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
პრაღა

საფირმო ჩეხურ ლუდზე ლეგენდა დღესაც მოქმედია და აქტუალური, ამიტომ მისი დაგემოვნება ლამის ყველა ქვეყნის, ასაკის, სქესისა და გემოვნების ტურისტისთვის აუცილებლად შესასრულებელ პირობათა ნუსხაში შედის. ლუდთან დაკავშირებით ძველი ამბავი გამახსენდა: იყო დრო, როცა გარკვეული კატეგორიის საბჭოთა მოქალაქეები სწორედ ამ ლუდის გამო დადიოდნენ ჩვენს თეატრებში, რომლის ბუფეტებში რატომღაც  ჩეხური წარმოების ლუდი შეჰქონდათ…  სერვისი პრაღაშიც უსწრაფესია: თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ, რომ შეკვეთილი კერძი უკვე მაგიდაზეა. 

© თ. გოგნიაშვილიქართული რესტორნის აბრა პრაღაში
ქართული რესტორნის აბრა პრაღაში - Sputnik საქართველო
ქართული რესტორნის აბრა პრაღაში

საკვები და სამზარეულო ჩეხეთშიც სპეციფიურია და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ განაყრებს, ამიტომ პრაღის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ქართული რესტორანი „TBILISI“ აქ ჩამოსული ქართველი გურმანებისთვის პირდაპირ „კულინარიული ნირვანაა“. მისი მეპატრონე  წარმოშობით ოჩამჩირიდანაა. როგორც თავად მითხრა, ამ რესტორანში ქართველი და უცხოელი ელჩები და იშვიათი სტუმრები დადიან. მიმტანები რუსულენოვანი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად გამართულად შემოგთავაზონ მათთვის ენის გასატეხივით რთულად წარმოსათქმელი ქართული კერძები… რესტორნის ინტერიერი ევროპულია, თუმცა ქართული ნაციონალური ნივთებითა და ტრადიციული ატრიბუტიკით გაფორმებული. შენობის არქიტექტურა უნიკალურია და მასში არსებული სარდაფი იუნესკოს დაცვის ქვეშაა. 

პრაღა კონტრასტების ქალაქია. ვერ გეტყვით, სტალინს ესპრესო რომ უყვარდა, მაგრამ ფაქტია, რომ თინეიჯერების საყვარელ ბარს, სადაც პირველ რიგში, ესპრესოს ეტანებიან, რატომღაც „სტალინი“ ჰქვია. ქალაქის ვიტრინებში სტალინის გარდა ჰიტლერისა და სხვა ტირანების ნიღბებია გამოფენილი. პრაღა სავსეა საკოლექციო რეტრო-მანქანებით, რომლებიც ფულიან ტურისტებს ემსახურებიან. ერთ-ერთ საადვოკატო კანტორას რატომღაც როლიკებიანი კაცის გამოსახურება ამშვენებს. ალბათ იმ ქვეტექსტით, რომ სამართლის მაძიებელ კაცს ცხენი კი არადა, როლიკები კი უნდა ჰქონდეს გამზადებული. ვლტავას წყალსაცავზე ყვითელი პინგვინებია ჩამწკრივებული და ერთი მაღალი შენობის გამოწეულ მილზე ცალი ხელით დაკიდებული კაცის ქანდაკებაა… პრაღის ფუნიკულიორზე საშობაო ნაძვის ხეა გაწყობილი სანტა კლაუსებითა და ამ ზეიმისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ატრიბუტიკით. თუმცა ყველაფერს აქვს ალბათ თავისი ლოგიკური ახსნა. მოკლედ ყველა ვარიანტში ესაა ქალაქი, რომელიც გინდა თუ არა, თავს მაინც დაგამახსოვრებინებს…

 P.S. ევროპული ტურნედან დაბრუნებული კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველო არც ერთ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლებად განვითარებული და მიმზიდველი არ იქნება, საამისოდ მხოლოდ ორ პირობას რომ ვაკმაყოფილებდეთ: 1) ქართველები წესიერები-კანონმორჩილები რომ ვიყოთ და 2) სახელმწიფოს სათავეში ქვეყანაზე გულწრფელად შეყვარებული და პროფესიონალი ჩინოვნიკები გვყავდეს. დანარჩენი პირობები თუ მონაცემები გარწმუნებთ, სახეზეა, პრობლემები კი-მოგვარებადი. 


ყველა ახალი ამბავი
0