სანდრო ცნობილაძე
დაახლოებით სამი თვის წინ საქართველოს ნაკრებმა ესპანეთში ამხანაგური მატჩი გამართა და სენსაციურად მოიგო. ავსტრიის ნაკრებთან ვლადიმერ ვაისმა გუნდი იმ ტაქტიკით ათამაშა, რომელმაც მას მადრიდში წარმატება მოუტანა. ამჯერად, სამწუხაროდ, შედეგი რადიკალურად განსხვავებული მივიღეთ. ლოგიკურია თუ არა, რომ გუნდმა ერთნაირად ითამაშოს გასვლაზე ესპანეთში და შინ ავსტრიასთან? როგორც მუნდიალის პირველმა შესარჩევმა მატჩმა გვიჩვენა —არა. იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლის ბოლოს პროგრესის მიმანიშნებელი შედეგი დააფიქსიროს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სტარტი ჰქონდეს წარმატებული.
საკმაოდ პრაგმატული გამოთვლების საფუძველზე, რომელიც 2016 წელს ჩასატარებელი მატჩების განრიგს და ადგილდებარეობას ემყარება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალენდარულ წელს პროგრესის ნიშნით ვერ დავასრულებთ.
„დინამო არენაზე“ ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს რამდენიმე ისეთი ფაქტორი, რომელსაც მათთვის თუნდაც ქულის აღებაში ხელი უნდა შეეწყოთ.
ფაქტორი პირველი: საკუთარი სტადიონი.
ფაქტორი მეორე: მოწინააღმდეგედ ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები გუნდის ყოლა. როგორც წესი, გუნდებს, რომლებიც დიდ საფეხბურთო ფორუმებში იღებენ მონაწილეობას, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩებისთვის ჩავარდნა აქვთ.
ფაქტორი მესამე: დადებითი ემოციური ფონი, რომელიც ყველა შესარჩევი ციკლის დაწყებას თან ახლავს.
სამწუხაროდ, სამივე ეს ხელშემწყობი წინაპირობა გადაფარა საკადრო პრობლემებმა, მცდარმა ტაქტიკამ, მატოქესთან შედარებით დაბალმა საშემსრულებლო ოსტატობამ და უიღბლობამ.
სან-მარინო, სლოვაკეთი, ნორვეგია, მალტა და ისრაელი. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებმაც ჩვენი ნაკრების მსგავსად, პირველი მატჩები შინ გამართეს და დამარცხდნენ. ოღონდ სლოვაკები ინგლისელებთან, ნორვეგიელები გერმანელებთან, ისრაელის ეროვნული გუნდი იტალიელებთან, ხოლო მალტელები კი შოტლანდიელებთან. ანუ ამ ოთხეულმა ვერ მოახდინა სენსაცია. იქნებოდა თუ არა სენსაცია საქართველოს ნაკრებს ავსტრიელებთან რომ არ წაეგო? უფრო არა, ვიდრე კი!!!
სენსაციების მთავარი მომწოდებელის სტატუსი კვლავ არავის დაუთმო ისლანდიის ნაკრებმა. მიუხედავად იმისა, რომ ლარს ლაგერბაკი ამ უკიდურესად ჩრდილოელი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ისლანდიელებმა არ წააგეს უკრაინაში. დასკვნა: ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრების ფურორი მხოლოდ გამოცდილი შვედი სპეციალისტის დამსახურება არ იყო. მან და ისლანდიური ფეხბურთის მმართველებმა ჩაყარეს ფუნდამენტი, რომელზეც აშენდა შედეგის მომტანი ნაკრები, რომლის ფეხბურთი შეიძლება სასიამოვნო საყურებელი არაა, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ ფინბოგასონი და კომპანია მატჩს, რომელშიც მათ ქულის აღების მინიმალური შანსი ექნებათ, აუცილებლად აიღებენ.
ამ შესარჩევ ციკლში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა კოსოვოს ნაკრებმა. არც კოსოვოელები დამარცხებულან. ფინალში მათ ფრედ ითამაშეს. დებიუტანტი ნაკრების ძირითადი შემადგენლობა მთლიანად ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული, განაცხადში კი მხოლოდ სამი ფეხბურთელი იყო ისეთი, რომლებიც კოსოვოს ჩემპიონატში თამაშობენ. ამ სამიდან ორი მეკარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყნის ნომერ პირველ გოლკიპერს თამაში შეეძლება, მათი ადგილი სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.
ნაკრებები, რომლებიც მხოლოდ ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული, ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა. მათგან ყველაზე დიდი რეზონანსი დანიის ეროვნულმა გუნდმა გამოიწვია. 1984 წლის ფორმაციის გუნდს, რომელიც ზეპ პიონტეკმა ძირითადად უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებით შეავსო, ჟურნალისტებმა „დანიური დინამიტი“ შეარქვეს. „დინამიტი“ რვა წლის შემდეგ აფეთქდა, როდესაც დანიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. „ააფეთქებს“ თუ არა კოსოვოს ნაკრები ევროპულ ფეხბურთს, ამას ერთ თვეში გავიგებთ.
ექვს ოქტომბერს ალბერტ ბუნჟაკის გუნდი შინ ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. ამ დღეს საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. მისი მეტოქე ირლანდიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელთანაც ქართველებს შვიდი მატჩი აქვთ ჩატარებული და ყველა წაგებული. ვაისის გუნდის წარმატებაც „აფეთქება“ იქნება, ოღონდ ლოკალური მასშტაბის.