თბილისი, 6 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შესახებ პოლიტიკური სერიალის სატელევიზიო პრემიერა დღეს, 6 სექტემბერს, „იმედის“ ტელეარხზე 23:30 საათზე გაიმართება. სერიალის რეჟისორია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა.
სერიალის სახელწოდება "Heroკრატია" (სიტყვებიდან "Hero" — ინგლისურად გმირი და „კრატია"-ბერძნულიდან "kratos" — ძალა, ძალაუფლება, ბატონობა) რეჟისორის სიტყვებით არჩეულია როგორც ინტერნაციონალური და სარკასტული ფორმით.
"Heroკრატიის" პირველი ეპიზოდი ეთმობა ქართველი ჟურნალისტისა და მწერლის ალექსანდრე ახალკაცის საქმეს. 2007 წელს ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. სწავლის პერიოდში ახალკაცი ქვეყანაში შექმნილ შიდა პოლიტიკაზე თავის შეხედულებებს ღიად გამოხატავდა და უნივერსიტეტის თვითმმართველობას უპირისპირდებოდა, რომლის უკან, მისი თქმით, სააკაშვილისა და მისი პარტიის მომხრეები იდგნენ.
2007 წელს ძარცვის ბრალდებით ახალკაცს ექვსი წელი მიესაჯა. განთავისუფლების შემდეგ, 2015 წელს, მან ავტობიოგრაფიული რომანი „გამოცდა ხელბორკილებში“გამოსცა, რომლის იდეა მას ციხეში დაებადა.
სერიალის ჟანრად თვითონ ხაინდრავა პოლიტიკურ თრილერს ასახელებს. საინტერესო სარეჟისორო ნამუშევრის გარდა, თავის ქმნილებაში ხაინდრავა საქართველოს მოქალაქის სოციალურ პოზიციას გამოხატავს. სერიალის გადაღებები საქართველოში თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. ამ პერიოდში იმ დროის სხვადასხვა გახმაურებული საქმის მონაწილეებს 1200 ინტერვიუ ჩამოართვეს.
„ჩვენ შევარჩიეთ ხუთი საქმე, რომლებშიც მკაფიოდ და ცალსახად იკვეთება სახელმწიფოს დანაშაული. ეს სისტემური დანაშაული იყო, სადაც მონაწილეობას სამთავრობო ჯაჭვის ყველა წარმომადგენელი იღებდა, დაწყებული პრეზიდენტით და დასრულებული რიგითი ბადრაგით. ყველა ინსტანცია, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ჩართული, იყო კიდეც ჩართული. ყველა მოქმედებდა დანაშაულებრივად“,-ამბობს ხაინდრავა თავისი ფილმის შესახებ ტელეარხ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“.
„კვირის პალიტრას“ ინტერვიუში ხაინდრავამ ადრე განაცხადა, რომ ეს ფილმი-ეპოპეაა, რომელმაც საზოგადოება უნდა დააფიქროს იმის შესახებ, როგორ დავუშვით ამდენი საშინელება.
"ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხამდა",-თქვა ხაინდრავამ.
მრავალსერიანი ფილმის „Heroკრატიის“ პრემიერა 2016 წლის 27 და 28 აგვისტოს მედიისა და კინემატოგრაფის წარმომადგენლებისათვის დახურულ ჩვენებაზე თბილისში შედგა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოქმედდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
2015 წელს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რადგან ის სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა.