თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი კათოლიკე მონაზონი, მონაზონთა კონგრეგაციის „ქველმოქმედების მისიონრების“ დამფუძნებელი დედა ტერეზა კალკუტელი რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად გამოცხადდა.
კანონიზაციის ცერემონია, რომელსაც რომის პაპი ფრანცისკი ხელმძღვანელობდა, სადღესასწაულო წირვის მსვლელობისას, წმინდა პეტრეს მოედანზე შედგა და მას 100 000 —ზე მეტი მორწმუნე დაესწრო სხვადასხვა ქვეყნიდან. წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე, ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოფენილი იყო პლაკატი გულზე ხელ დაკრეფილი მონაზვნის გამოსახულებით.
რომის პაპის მიერ სპეციალური ფორმულის წაკითხვას დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვის შესახებ, მოედანზე შეკრებილთა მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.
იტალიური მედია, 1997 წლის 5 აგვისტოს კალკუტაში გარდაცვლილი 88 წლის დედა ტერეზას კანონიზაციას, პაპი ფრანცისკის მიერ გამოცხადებული გულმოწყალების საიუბილეო წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებს.
დედა ტერეზა 1910 წლის 27 აგვისტოს დაიბადა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ალბანელი არომუნების ოჯახში. როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა „ლორეცოს ირლანდიელ დებში“.
1931 წელს გახდა მონაზონი და მიიღო სახელი ტერეზა, 1927 წელს წმინდად შერაცხულ მონაზონ–კარმელიტი ტერეზას პატივსაცემად, რომელიც ცნობილი იყო მისი კეთილი და ქველმოქმედი ბუნებით. მალე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1946 წლის 10 ოქტომბერს, მან ორდენიდან გაჭირვებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო. 1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა. 1965 წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მას მსოფლიოს 111 ქვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში. 1973 წელს ტერეზა ტემლპტონოვის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა რელიგიის პროგრესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია.
გასული წლის დეკემბერში, ვატიკანის წმინდანთა საქმეების კონგრეგაციამ ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დედა ტერეზას ლოცვების შედეგად ტვინის განუკურნებელი პათოლოგიის მქონე 35 წლის ბრაზილიელის, მეცნიერული თვალსაზრისით ამოუცნობი გამოჯანმრთელება მოხდა. ამის შემდეგ რომის პაპმა ფრანცისკმა თანხმობა მისცა სასწაულის აღიარებაზე, რითაც კანონიზაციის გზაზე ბოლო დაბრკოლებაც დაძლეულ იქნა.