თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მესამე ტურში, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესტონეთის ნაკრები ანგარიშით 3.5 და 0.5 ქულით დაამარცხა.
ქართველი მოჭადრაკეები მატჩის თავიდანვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ბოლომდე გაამართლეს თავისი სტატუსი. თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა. ლელა ჯავახიშვილმა კი შეხვედრა ფრე ანგარიშით დაასრულა.
მიუხედავად მესამე ტურში გამარჯვებისა, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ამ ეტაპზე საერთო ჯამში 29-ე ადგილი უჭირავს.
ეს იმით აიხსნება, რომ მეორე ტურში ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ტიტულის ერთ-ერთ პრეტენდენტებად ითვლებოდნენ, ფილიპინელებთან ანგარიშით 1. 5 და 2.5 ქულით სენსაციურად დამარცხდნენ. ოლიმპიადის მეოთხე დღეს ქართველი მოჭადრაკეები ეგვიპტის ნაკრებს შეხვდებიან.
ქალთა შორის სატურნირო ცხრილში რუსეთი ნაკრები ლიდერობს, რომელმაც სამივე შეხვედრა წარმატებით დაასრულა.
განსხვავებით ქალი მოჭადრაკეებისგან, მამაკაცები, ჯერჯერობით, დამარცხების გარეშე ლიდერობენ. მათ ანგარიშზე ორი მოგება და ერთი ფრეა. საანგარიშო ტურში ქართველებმა სლოვაკეთის გუნდი 3:1 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში 24-ე ადგილზე არიან.
მორიგ შეხვედრას ქართველი მოჭადრაკეები ბულგარელებთან გამართავენ.
ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.