თბილისი. 4 სექტემბერი— Sputnik. ბოლო რვა თვის მანძილზე საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 4 მილიონ 247,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 322 ათასით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით(ზრდა +8,2%).
რაც შეეხება წელს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს, მათმა რაოდენობამ 1 მილიონ 851,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 274,7 ათასით მეტია(ზრდა+17,4%).
პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდანაც შეინიშნება. განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნებოდა ლატვიიდან(27,2%), ჩეხეთიდან(+16,3%) და უნგრეთიდან(+18,7%).
2015 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,9 მილიარდ დოლარი შეადგინა (ზრდა +8,3%), რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 მილიონით მეტია.
2015 წელს მშპ-ს ტურიზმის წილი 6,7% შეადეგნს(ზრდა+16,2%). 2016 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის წილი მშპ-ში 6,8% შეადგენს(ზრდა+11,5%).
სამი წლის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით ექსპლუატაციაში 508 სასტუმრო შევიდა, რაც 2012 წლამდე გახსნილი სასტუმროების რაოდენობას 58%-ით აღემატება. 2016 წლის მანძილზე საქართველოში 1292 ნომრით 2784 საწოლზე გათვალისწინებული 33 სასტუმრო გაიხსნა.
ბოლო შვიდი თვის მანძილზე თბილისის და ბათუმის აეროპორტებში დაემატა 9 ახალი საერთაშორისო რეისი.
წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოს 16 ქვეყანაში ონ-ლაინ კამპანიები ჩაატარა. საქართველოს შესახებ დაწერილია და გადაღებულია 200 პუბლიკაცია, დოკუმენტური ფილმი, გადაცემა და ტელესიუჟეტი. საქართველომ 14 საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოს კი 434 უცხოელი ჟურნალისტი და 238 ტუროპერატორი ეწვია.