უპრეცედენტო შემთხვევა ოლიმპიადის ისტორიაში - ქართველი მოქანდაკის სამი გამარჯვება

© FB/Levan Vardosanidzeმოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, ხუან ანტონიო სამარანჩისთან ერთად
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, ხუან ანტონიო სამარანჩისთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს ოლიმპიური თამაშების ისტორიას და ეს გამონაკლისი ქართველ მოქანდაკესთან ლევან ვარდოსანიძესთანაა დაკავშირებული.

ამ თემაზე საუბარი, ვფიქრობ, ახლა უფრო უპრიანია, როცა ოლიმპიური ვნებათაღელვა ჯერაც არ დამცხრალა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობაში, როდესაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ ქართველი მოქანდაკის სამმა ნამუშევარმა 200 ქვეყნის კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავა.

ამ ნამუშევრებმა შვეიცარიის ქალაქ ლოზანას ოლიმპიური მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში სამუდამოდ დაიდეს ბინა.

ესაა უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ოლიმპიური კონკურსების ისტორიაში, როცა ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა, თანაც ერთი და იმავე მოქანდაკემ, სამჯერ დაიმკვიდრა ადგილი პირველ საპრიზო სამეულში. ეს გახლავთ ცნობილი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე.

-ბატონო ლევან, დამეთანხმებით ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს იწყება ცხოვრებაში….

— ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. 3 წლის ვიყავი, როდესაც  ბებიამ, რომელმაც  ალბათ  ვერაფრით გამაჩერა, ცომის მოზრდილი ნაჭერი მომცა და მეორე ოთახში გამისტუმრა. მერე სამზარეულოში ფუსფუსში გართულს, სულ დაავიწყდა ჩემი არსებობა. ხოლო საღამოხანს, სამსახურიდან დაბრუნებულმა მშობლებმა ჩემს ოთახში ცომისგან გამოძერწილი ცხოველთა ფიგურები "აღმოაჩინეს", რამაც სამეზობლოში საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია. მეორე დილით, მამაჩემმა,  ფერადი პლასტელინების სოლიდური მარაგით დამასაჩუქრა. იმ დღიდან პლასტელინის გარეშე არავის ვუნახივარ. ვუყურებდი და ვერ  ვაცნობიერებდი ჩემი თითები როგორ  და რატომ მოძრაობდნენ ჩემს დაუკითხავად და სხვადასხვა ფიგურებს ქმნიდნენ. განსაკუთრებით ცხენებზე მეკეტებოდა ჭკუა, რაც შემდგომში ჩემს შემოქმედებას ლაიტმოტივად გაჰყვა. 

© FB/ Levan Vardosanizeავტორი ლევან ვარდოსანიძე
ავტორი ლევან ვარდოსანიძე - Sputnik საქართველო
ავტორი ლევან ვარდოსანიძე

-თქვენი ნიჭი შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ ყალიბში ერთმა პედაგოგმა მოაქცია…

— დიახ, ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემი  პირველი პედაგოგი, ზაქრო კრაწაშვილი იყო. 6 წლის ასაკში პიონერთა სასახლეში მიმიყვანეს, სადაც მან ქანდაკების ანბანი  შემასწავლა. უკვე ბავშვობის ასაკიდან გადაწყვეტილი მქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ამიერკავკასიაში საუკეთესო სასწავლებლის რეპუტაციით სარგებლობდა. მაშინ აკადემიას ლეგენდარული პროფესორი და ხელოვანი, აპოლონ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა, რომლის სახელსაც დღეს აკადემია ატარებს. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ მე არამარტო აკადემიის კურსდამთავრებული, არამედ თვით  ბ-ნ  აპოლონ ქუთათელაძის ბიუსტის ავტორიც გავხდებოდი, რომელიც  თბილისში მისივე  სახელობის ქუჩაზე  დგას.

- ჩვენში სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ქართველ პროფესიონალს მას მერე აღიარებენ, რაც ის უცხოეთში მიაღწევს წარმატებას, თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

— დიახ, ჩემი, როგორც სერიოზული პროფესიონალის აღიარებაც უცხო ქვეყნების სამხატვრო გალერეების გავლით მოხდა. პირველი ქვეყანა, სადაც სერიოზული ყურადღება მომაქციეს, გერმანია იყო. შემდეგ იყო: უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სოლიდურ და პრესტიჟულ გამოფენებში ვმონაწილეობდი, მაგრამ სამშობლოში აღიარებამდე ჯერ კიდევ საკმაო მანძილი იყო გასავლელი. მსოფლიო რეზონანსი ჩემმა ნამუშევარმა 2000 წელს გამოიწვია, როდესაც მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო ოლიმპიურ კონკურსში „სპორტი  და ხელოვნება“, რაც ოლიმპიურ თამაშებს უძღოდა წინ. ამ  კონკურსზე ქანდაკებისთვის „ბეისბოლისტი“ მეორე პრემია მომანიჭეს. ჟიურის  წევრები გაკვირვებას გამოთქვამდნენ, როგორ ჩასწვდა ავტორი სპორტის იმ სახეობის ნიუანსებს, რომელიც საქართველოში პოპულარული  არ არისო. ძველ საბერძნეთში ხელოვნება  ოლიმპიური თამაშების  განუყოფელი ნაწილი  იყო,  გარკვეული პერიოდის  განმავლობაში დავიწყებას  მიცემული ტრადიცია ხუან ანტონიო სამარანჩმა  აღადგინა, რომელიც  21წელი ხელმძღვანელობდა ოლიმპიურ კომიტეტს. 2002 წელს როდესაც მისი მოღვაწეობა დასრულდა ამ პოსტზე, მქონდა ბედნიერება, რომ მის გამომშვიდობების ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა და საჩუქრად ქანდაკება  „გოლფის  მოთამაშე“  გადავეცი. გაუხარდა და აღფრთოვანდა…. ვინ  წარმოიდგენდა, რომ ამის შემდეგ საერთაშორისო  კონკურსში  „სპორტი და ხელოვნება“ ზედიზედ ორჯერ გავიმარჯვებდი.

- ოლიმპიურ თემატიკაზე არა ერთხელ გიმუშავიათ, საინტერესოა, რამდენად ახლობელია თქვენთვის საერთოდ სპორტული თემა?

— სპორტის თემატიკა ყოველთვის მიტაცებდა, რადგან მამა, ნოდარ ვარდოსანიძე პროფესიონალი ტანმოვარჯიშე იყო და ყოველთვის ვცდილობდი სპორტული გრაცია  და დინამიკა ჩემი ნამუშევრებით გადმომეცა. სპორტულ თემატიკაზე ბევრი  ქანდაკება მაქვს  შექმნილი, მათ შორის სადიპლომო  ნამუშევარიც. 2008 წლის საერთაშორისო ოლიმპიურ კონკურსზე „სპორტი და ხელოვნება“ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩემი ქანდაკება „ჩემპიონი“ წარადგინა. მართალი გითხრათ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიდან ჩემს მობილურზე განხორციელებული ზარი და მოლოცვა, რომ საქართველო კონკურსში საპრიზო  სამეულში მოხვდა, თავიდან მეგობრული ხუმრობა მეგონა. შემდეგ საერთაშორისო  ოლიმპიური  კომიტეტიდან  ოფიციალური მოწვევა მივიღე სამხრეთ  კორეაში, სადაც  დაჯილდოვების ცერემონია  გაიმართა და ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რომ პრემია სამხრეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა იუნ-ტეკ  ლიმ პირადად გადმომცა.

© FB/ Levan Vardosanidzeავტორი ლევან ვარდოსანიძე
ავტორი ლევან ვარდოსანიძე - Sputnik საქართველო
ავტორი ლევან ვარდოსანიძე

- მაგრამ ამით ოლიმპიურ თემატიკასთან თქვენი წარმატებული დამოკიდებულება არ შეწყვეტილა…

— ასე გამოდის, რადგან 4 წლის შემდეგ, 2012 წელს მორიგი ოლიმპიური ციკლი იწყებოდა და გადავყვიტე შემექმნა არა უბრალოდ სპორტსმენის ფიგურა, არამედ უფრო რთული კომპოზიცია, რომელსაც "ოლიმპიური ჰიმნი'' დავარქვი. ეს უკვე მართლა ფანტასტიკის სფერო იყო, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა სწორედ ამ უჩვეულო კომპოზიციის გაგზავნა გადაწყვიტა მსოფლიო კონკურსზე. მოხდა სრულიად დაუჯერებელი, უპრეცედენტო მოვლენა, რომ პირველად მსოფლიო ოლიმპიური კონკურსების ისტორიაში, ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა, თანაც ერთიდაიმავე მოქანდაკემ, მესამედ დაიმკვიდრა ადგილი პირველ საპრიზო სამეულში. ყველაზე საპატიო ის გახლავთ, რომ პირველ სამ ადგილზე გასული მხატვრული ნამუშევრები გადაეცემა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში განთავსებულ ოლიმპიურ მუზეუმს და იქ იკავებს მუდმივ ადგილს ექსპოზიციაში. ამჟამად, ამ მუზეუმში, ერთბაშად სამი ექსპონატია საქართველოდან. დაჯილდოების  ოფიციალური ცერემონია ამსტერდამში გაიმართა, მსოფლიო ფორუმზე  „ხელოვნება,  სპორტი და განათლება“ სიხარულთან ერთად უდიდესი პატივი მხვდა წილად, რომ  პრემია საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ  სერ ფილიპ  კრეივენმა გადმომცა.

- ბატონო ლევან, თქვენ ხართ ერთადერთი ხელოვანი, რომელიც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს…

— რადგან სპორტულმა თემატიკამ, თავისი ექსპრესიულობით, დინამიზმითა და პლასტიკურობის წყალობით ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა, მოხდა ისე, რომ საქართველოს ხელოვნების მუშაკთაგან, მე მართლაც ერთადერთი აღმოვჩნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის წევრად ამირჩიეს, განსაკუთრებით მახარებს, ის  რომ რიოს ოლიმპიური თამაშების  წინ ფიცის დადება მოხდა  ჩემს მიერ შექმნილ მონუმენტთან  „ოლიმპიური  ალი“, გამარჯვებულთა დაჯილდოება კი შედგება ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინის  ტერიტორიაზე  ასევე  ჩემს მიერ შექმნილ ოლიმპიურ კომპპოზიციასთან „ოლიმპიური  ჩემპიონები“ სადაც მათი ვარსკვლავები  გაიხსნება.

- გარდა ოლიმპიური თემატიკისა, თქვენს შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ კინოსა და თეატრს, რადგან თქვენ ქართული ხელოვნების არა ერთი  გამორჩეული პიროვნება გამოაქანდაკეთ…

— ჩემი შემოქმედების  ერთ-ერთ მასტიმულირებელ ძალას ქართული კინო და თეატრი წარმოადგენს. ჩემს ბავშვობაში, როდესაც ამ ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ და ბუმბერაზ  მსახიობებს ვუყურებდი,  ძნელად თუ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საკუთარი ხელით "გავაცოცხლებდი'' ქანდაკებებში ისეთ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ: ქართული კინოს ფუძემდებლები ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე, ვერიკო  ანჯაფარიძე  და  მიხეილ  ჭიაურელი, დაუვიწყარი მსახიობები — სოფიკო ჭიაურელი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, იაკობ ტრიპოლსკი, გურამ საღარაძე, ზეიკო ბოცვაძე. მათი ძეგლები დედაქალაქის სხვადასხვა კუთხეს, დანარჩენების გორელიეფები კი საქართველოს თეატრისა და კინოს მუზეუმის ე.წ."უკვდავთა ხეივანს" ამშვენებენ.  ამჟამადაც  ჩვენი უდიდესი მსახიობების ქანდაკების ესკიზებზე ვაგრძელებ მუშაობას. კიდევ ერთი მხარე ჩემი პიროვნების: ბავშვობიდან მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, რაც მუდმივად ჩემი მუშაობის პროცესის თანამდევია. ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს ფირფიტები და  საკმაოდ სოლიდური კოლექცია დამიგროვდა. მე არა მარტო ვუსმენ ისეთ მუსიკას,როგორიცაა ჯაზი, ბლუზი, ფანკი, გოსპელი, არამედ მსოფლიოს მუსიკალურ კერპებსაც ვაქანდაკებ.მათი ნაწილი მსოფლიოს პრესტიჟულ  გალერეებშია გამოფენილი, ნაწილი კი კერძო  კოლექციაშია. თბილისში, ვაკის პარკის შესასლელთან აღმართულია ჩემს მიერ შესრულებული "დიჯეის" ქანდაკება, რომელმაც თავის დროზე თამამი მხატვრული გადაწყვეტის გამო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა მერე ხალხი მას შეეჩვია.

-ბატონო ლევან, თქვენ, ვინც ასეთი საინტერესო შემოქმედებითი გზა განვლეთ, თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე: რა არის მთავარი?

— მთავარია სიკეთე და სიყვარული, წარმატებაც ცხოვრებაში მათთან ერთად მოდის. ხელოვნება კი ცხოვრების აზრია, სილამაზისა და ესთეტიკის ის ნაპერწკალია, რომელიც   კაცობრიობას სითბოთი და სინათლით ავსებს, ეს რომ არა, სამყარო ალბათ სულიერებისგან  დაცლილი, უინტერესო და ცივი იქნებოდა…

 

ყველა ახალი ამბავი
0