თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სამართალდამცავებმა ორ დღეში (3-4 სექტემბერს) რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ჩაატარეს და წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს.
ერთ-ერთ დაკავებულს, 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ. ყ-ს პირადი ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი, ვაზნები და ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები უპოვეს, რომლებზეც ქიმიური ექსპერტიზაა დანიშნული.
გარდა ამისა, დაკავებულის ნარკოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ის მარიხუანისა და სუბოტექსის მომხმარებელია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
მეორე დაკავებული 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ. ნ. გახლავთ, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ პისტოლეტი და ვაზნები იპოვეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
ასევე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ფ. რომლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. პოლიციამ დაკავებულის ბინაში იპოვა ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.