თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ ანტალიის სანაპიროსთან ტურისტული კატარღა ჩაიძირა. მაშველებმა 82 მგზავრი გადაარჩინეს, რომელთაგან 33 სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თურქეთის ერთი მოქალაქე ქალბატონი კი უგზოუკვლოდ გაუჩინდარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით.
კატარღა Kurt-C ზღვაში ერთდღიან ტურზე იყო გასული. ცუდი ამინდის გამო კაპიტანმა გადაწყვიტა, გასეირნება შეეწყვიტა და პორტისკენ აეღო გეზი. სანაპირომდე ორი მილიღა იყო დარჩენილი, როდესაც კატარღამ გადახრა დაიწყო, საბოლოოდ კი სრულად გადაწვა გვერდზე.
აბსოლუტურად ყველა მგზავრი უზრუნველყოფილი იყო სამაშველო ჟილეტებით, სანაპირო დაცვა გაფრთხილებული გახლდათ და შესაბამისად, დროულად ჩაატარა სამაშველო ოპერაცია.