თბილისი, 3 სექტემბერი- Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამარყანდში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის დაკრძალვის ცერემონიაში.
უზბეკეთის პრეზიდენტი 79 წლის ასაკში პარასკევს გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
„პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს უზბეკეთის პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, რომელიც სამარყანდში ტარდება. გიორგი კვირიკაშვილი უკვე უზბეკეთშია. აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უზბეკეთის ვიცე-პრემიერი გულომჟონ იბრაგიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი დახვდნენ“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს.
კარიმოვს ცნობილ უძველეს სასაფლაოზე შახი-ზინდაზე დაკრძალავენ მშობლების გვერდით.
პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მის მოვალეობას პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე ნიგმატილლა იულდაშევი შეასრულებს.