თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დაახლოებით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და 40 დაშავდა პაკისტანის ქალაქ მარდანის რაიონული სასამართლოს შენობასთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ Geo TV-ზე დაყრდნობით. აფეთქების ხმა პარასკევს, დილით გაისმა.
ტელეარხის მონაცემებით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა განახორციელა: ერთმა თავი სასამართლოს კართან აიფეთქა, მეორემ კი შენობაში შესვლის მცდელობისას.
შემთხვევის ადგილზე სამხედროები არიან მობილიზებული, რომლებმაც ალყა შემოარტყეს მიმდებარე ტერიტორიას. ამ ეტაპზე ტერორისტების შესაძლო თანამზრახველების გამოვლენისა და დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
ტერაქტი ქალაქ პეშავართან ახლოს ქრისტიანულ საზოგადოებაზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი მცველი. სამართალდამცველებმა ოთხი ბოევიკის ლიკვიდირება მოახერხეს. ორივე ტერაქტი ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში მოხდა.