თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულა, იუნკერებს აკადემიის დამთავრება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ფიცის მიღების შემდეგ საქართველოს სამხედრო მოსამსახურე კიდევ 179 ადამიანი გახდა.
„მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ეს პროფესია აირჩიეთ, გადადგით ნაბიჯი რათა ემსახუროთ ქვეყანას და დაიცვათ თითოეული მოქალაქე“, — განაცხადა პრეზიდენტმა სამხედროებისადმი მიმართვისას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებს კურსდამთავრებულები სასწავლებელში მიღებული ცოდნით უნდა დაუპირისპირდნენ.
„თქვენი ცოდნით, პროფესიონალიზმით და გამოცდილებით თქვენ უნდა მიაღწიოთ მთავარს, რასაც უნდა მიაღწიოს ჯარისკაცმა, ეს არის სისხლისღვრის და ბრძოლის გარეშე ომების მოგება", — განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება.