ანასტასია შრაიბერი
კონკურსზე პირველობისთვის 16 ახალგაზრდა მომღერალი გაეჯიბრება ერთმანეთს. აქედან ორი ქართველია — გიორგი ნადიბაიძე და ალისა დანელია. სწორედ ისინი დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
მიუხედავად მომღერლის საშინლად დატვირთული სარეპეტიციო გრაფიკისა, Sputnik-მა გიორგი ნადიბაიძესთან გასაუბრება მოახერხა.
გიორგი ნადიბაიძე
გიორგი 24 წლისაა. გორშია დაბადებული. ადრეული ბავშვობიდან მღერის. 15 წლიდან გიტარაზე უკრავს. მუსიკალური ათწლედი აქვს დამთავრებული. თუმცა კლასიკური ვოკალის შესწავლა საესტრადო მუსიკით გატაცების გამო მიატოვა. 2015 წელს გიორგი „ახალი ქართული ხმის“ გამარჯვებული გახდა. „ახალ ტალღას“ საკუთარ კარიერაში ახალ გამოწვევად აფასებს.
— გიორგი, რით გაგვახარებ კონკურსზე?
— გახსნის დღეს, 3 სექტემბერს ყველა მონაწილე საკუთარი ქვეყნის დროშით გამოვა სცენაზე და შეასრულებს სიმღერას Уеду в Сочи. 4 სექტემბერს კი, კონკურსის პირველ დღეს შევასრულებ „აეროსმიტის“ სიმღერას, რომელიც ფილმ „არმაგედონის“ საუნდტრეკიცაა I Don’t Wanna Miss a Thing. 6 სექტემბერს ქეთი თოფურიასთან ერთად ვიმღერებ ვიქტორ დრობიშის სიმღერას Она не твоя. 8 სექტემბერს ქართველი კომპოზიტორის მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერას ვიმღერებ მარიამ აბდუშელიშვილის ტექსტზე Now I Feel The Love („ახლა ვგრძნობ სიყვარულს“).
— როგორი კონკურენტები გყავს, როგორ აფასებ მათ?
— ყველა ამბობს, რომ ეს კარგი ნაკადია და მეც ვეთანხმები. ყველა კარგად მღერის და კარგი ადამიანებიც არიან. აქ უკვე საბრძოლო, კონკურენტული გარემოა. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია.
— მეორე ქართველ კონკურსანტზე, ალისა დანელიაზე რას იტყვი?
— ალისა კარგი გოგოა, ძალიან კარგად და მეგობრულად ვარ განწყობილი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი კონკურსანტის მიმართ. საერთოდ, არავისადმი არ მიჩნდება კონკურენტობის გრძნობა. ირგვლივ მეგობრული ატმოსფეროა, სახალისო და სასიამოვნო. კი, გასაგებია, რომ კონკურენტები ვართ, მაგრამ აქ ამას ყურადღებას არავინ აქცევს.
— რატომ?
— იმიტომ რომ ეს კონკურსია. ვიღაცამ შეიძლება იმის ნახევარიც ვერ გააკეთოს, რაც შეუძლია, ვიღაცამ კი მთელი შესაძლებლობები გადმოაფრქვიოს და მაინც ვერ მიაღწიოს ვერაფერს. ამიტომ წინასწარ ვერაფერს გამოიცნობ.
თან, იცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს? შესაძლოა გაიმარჯვო და მეორე დღეს შენი სახელი არავის ახსოვდეს, მაგრამ შეიძლება მეცხრე ადგილზე გახვიდე და ვიღაცამ შეგნიშნოს.
ასე რომ, მთავარია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა და ვთქვათ სცენაზე ის, რაც გულში გვაქვს.
მე უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებ ჩემი გამოსვლებისას, და თუ ყველაფერი გამომივიდა, მერე უკვე შეიძლება ჩემ შანსებზე ლაპარაკი.
ამიტომ ყველას წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით, ალისა დანელიას.
— ახლა ალბათ გამუდმებით რეპეტიციები გაქვთ და თავისუფალი დრო გრჩებათ?
— კი, ახლა რეპეტიციებით ვართ დატვირთულები. სულ შემეცვალა დღის რეჟიმი. ძალიან ადრე ვდგები, ძალიან ვიღლები და საერთოდ არ მრჩება თავისუფალი დრო. ჯერ ზღვაში ფეხიც არ შემიდგამს. ან მძინავს და ან ვმღერი, სხვას არაფერს ვაკეთებ. დიდი-დიდი, დღეში ორიოდე საათით შევისვენო, რომ საჭმელი ვჭამო.
— სოჭში წასვლამდე ამბობდი, რომ შენთვის მთავარი გამარჯვებაა. ახლაც ასე ფიქრობ?
— მთლად ეგ არ მქონდა მხედველობაში. მთავარი გამარჯვება კი არა, ღირსეულად გამოსვლაა. მთავარია მაქსიმალურად გამოხატო ის, რაც გინდა და შეგიძლია. მე, უბრალოდ, ვთქვი, რომ დასამარცხებლად არსად მივდივარ. რა თქმა უნდა, გამარჯვება მწყურია. ამიტომ ყოველწუთიერად და ყოველწამიერად მთლიანად ვიხარჯები. თუმცა ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა და არავინ იცის, რა და როგორ იქნება.
— სოჭში ვინ გახლავს მხარდამჭერად?
— სამწუხაროდ, საქართველოსა და რუსეთს შორის გართულებული სავიზო რეჟიმის გამო სოჭში ბევრი ვერ ჩამოვიდა საგულშემატკივროდ. თუმცა თან მახლავს ყველაზე დიდი ქომაგი — მამაჩემი, რომელიც ძალიან მეხმარება.
ალისა დანელია
„ახალი ტალღის“ მეორე ქართველი კონკურსანტი წარმოშობით ბათუმიდანაა. ალისა 24 წლისაა. მუსიკალურ სტუდიაში პირველად ბებიამ მიიყვანა და იქიდან დაიწყო მისი სერიოზული გატაცება.
ათი წლისა იყო, მშობლებთან ერთად მოსკოვში რომ გადავიდა საცხოვრებლად და მალე მუსიკალური თეატრი „დომისოლკას“ წამყვანი სოლისტი გახდა.
მერე კი, სკოლის დამთავრების შემდეგ, 2014 წელს ალისა დანელია რუსეთის გნესინების სახელობის მუსიკის აკადემიის სტუდენტი გახდა.
2016 წლის „ახალ ტალღაში“ მონაწილეობას ალისა უნიკალურ შანსად განიხილავს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარი სახელი კონკურსის ფინალისტებს შორის აღმოაჩინა, ერთიორად გაეზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა საქართველოს მიმართ.
„ამ კონკურსზე მოხვედრა მარტო ჩემი კი არა, მთელი ჩემი ოჯახის ოცნება იყო. წელს ეს ოცნება ამიხდა. მიქომაგებს ჩემი საყვარელი საქართველო… თუ ჩემს ემოციებს მაყურებელიც გაიზიარებს, დედამიწაზე უბედნიერესი ადამიანი ვიქნები“, — უთხრა ალისამ ჟურნალისტებს.