თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში “ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა 3 ათასი ლარის წაღება შეძლო, თუმცა ბანკის თანამშრომლები მოპარული თანხის ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
„გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს გეტყვით. ვერ გეტყვით ფულად თანხაზეც, რომელიც წაიღეს, რადგან ჯერ კიდევ ვანგარიშობთ. ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც, სავარაუდოდ, ერთმა პირმა განახორციელა. მან ფული იარაღის მუქარით წაიღო“, — განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობა“, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.