ბესიკ ფიფია
ის ამ ქალაქში უყვარდათ და ხშირად სტუმრობდა თბილისს — გასტროლებითაც და ისეც. ფრუნზიკ მკრტიჩიანს უყვარდა ლაღიძის წყლებში შევლა და ხალხთან „ცხოვრებისეულ ამბებზე“ მასლაათი, თუ ვინმეს რჩევას აძლევდა, ყოველთვის კინოფილმ „მიმინოს“ გმირის, დილიჟანელი მძღოლის ციტატას იშველიებდა: „Я тебе один умный вещь скажу, но только ты не обижайся…“
ვახტანგ კიკაბძე იხსენებს:
„მე და ფრუნზიკა ვმეგობრობდით. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, თავისებური იუმორით. სწორად შენიშნა ვიღაცამ: ეს იყო დიდი კომიკოსი სევდიანი თვალებით. ისე არ შევხვდებოდით, ერთმანეთი რომ არ გაგვეთამაშებინა. ერთხელ დილის ოთხ საათზე დავურეკე, ვეუბნები:
— ბოდიში, რომ გაგაღვიძე, მაგრამ ახლა ისეთი მაგარი ამბავი გადმოსცეს „ამერიკის ხმით“ სომხეთზე რომ… — და გავჩუმდი.
არადა, ხომ იცით, სომხებს როგორ უყვართ, როცა მათზე რამეს ამბობენ, ჰოდა, ფრუნზიკაც გამოცოცხლდა:
— რაო, რა გადმოსცეს?!
— რაო და, დილიჟანში არქეოლოგებს ქვა უპოვიათ წარწერით, „500 лет армянскому комсомолу“… — და ველოდები, როდის აუტყდება ხარხარი.
ის კი დუმდა. მხოლოდ რაღაც დროის მერეღა მითხრა:
— ბუბა-ჯან, დავიჯერო ეგ არქეოლოგები მაგ ქვას დღის 12 საათზე ვერ იპოვიდნენ? გამოვიძინებდი მაინც…“
ვახტანგ კიკაბიძის სახლი საგამოფენო დარბაზი გეგონება, იმიტომ რომ კედლები აფიშებით, სურათებით, მთელ მსოფლიოში ნაგროვები ნიღბებითაა მოფენილი. ექსპონატებს შორისაა ხის ცხვირიც…
— ეს ჩემი მეგობრის, ფრუნზიკ მკრტიჩიანის ცხვირის ზუსტი ასლია, რომელსაც სხვანაიარად „სომხეთის მთავარი ცხვირი“ ჰქვია. — მიხსნის მასპინძელი.
მაგრამ სახელგანთქმული სომეხი კომიკოსი არასდროს შეუწუხებია არასრულფასოვნების კომპლექსს და აბსოლუტურად ფილოსოფიურად უყურებდა იმ ფაქტს, რომ დიდი ცხვირი ჰქონდა.
— პატარაობიდან იმაზე კი არ ვფიქრობდი, მე რატომ მქონდა დიდი ცხვირი, არამედ იმაზე, სხვებს რატომ ჰქონდათ პატარა ცხვირები. — ხუმრობდა ხოლმე მკრტიჩიანი.
კომიკოსი „ეროვნული სიმდიდრის“ წარმოშობას ასე ხსნიდა:
— როცა ღმერთი ხალხებს ცხვირებს ურიგებდა, თან ეკითხებოდა, რა ფორმისა გინდათო? რუსმა აპრეხილი ცხვირი მოინდომა, რომ სასმისის გადაკვრაში არ შეშლოდა ხელი, ქართველმა — კავკასიონის მსგავსი, სომეხმა ჯერ იკითხა, რა ღირსო და როცა ღმერთმა უთხრა, არაფერი, უფასოაო, მაშინ, რაც შეიძლება დიდი ცხვირი მომეციო, უთხრა.
ვახტანგ კიკაბიძე:
„ერთხელ სპექტაკლ „სირანო დე ბერჟერაკის“ პრემიერას დავესწარი, რომელშიც ფრუნზიკა სირანოს როლს ასრულდებდა. სპექტაკლში სირანოს აქვს ძალიან გრძელი მონოლოგი, რომელშიც თავის უზარმაზარ ცხვირზე მსჯელობს. ფრუნზიკას კი ეს მონოლოგი ძალიან მოკლე გა მოუვიდა, ერთ წუთსაც რა გასტანა. სპექტაკლის მერე ვკითხე: მისმინე, ფრუნზ, რატომ შეამოკლე მონოლოგი, რაც უნდა იყოს, მაინც კლასიკური ნაწარმოებია-მეთქი. ბუბა-ჯან, სომხებს არ უყვართ ცხვირებზე დიდხანს ლაპარაკიო, მიპასუხა მკრტიჩიანმა“.
1981 წელს თბილისში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების 60 წლისთავი აღინიშნებოდა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი მიმდინარეობდა. საკუთარ ოსტატობას წარმოაჩენდნენ: რევაზ ლაღიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ჯანსუღ კახიძე, სოფიკო ჭიაურელი, ელისო ვირსალაძე, ნანი ბრეგვაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა… კონცერტის ბოლოს სცენაზე ფრუნზიკ მკრტიჩიანი გამოჩნდა ტორტით ხელში, რომელიც ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილ სტუმრებს შორის დააბიჯებდა და ეკითხებოდა: Вы моего друга Валико не видели, летчика? ანუ ჩემი მეგობარი ვალიკო ხომ არ გინახავთ, მფრინავიო? მალე „მიმინოც“ გამოჩნდა და მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ვახტანგ კიკაბიძე იხსენებს:
„ფრუნზიკამ მხარზე ხელი გადამხვია და სცენარის ტექსტიდან გადახვევით მკითხა:
— ვალიკ-ჯან, ეს რა ხალხს მოუყრია აქ თავი, კარგი ხალხია?
ისე გამოვიდა, რომ ეს შეკითხვა მარტო სცენაზე შეკრებილებს კი არ ეხებოდა, არამედ სამთავრობო ლოჟაში მსხდომებსაც: საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევსაც — რომელიც საქართველოში სპეციალურად იყო იუბილეზე ჩამოსული, საქართველოს პარტიულ ლიდერ ედუარდ შევარდნაძესაც და სხვა საბჭოეთის სხვა მაღალჩინოსნებსაც. რა უნდა მექნა, ვუპასუხე, კარგი ხალხია-მეთქი. კიდევ კარგი, გაგვიტარეს“.
კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ვახტანგ კიკაბიძემ გვიამბო.
თბილისელ „გაიშნიკებს“ ფრუნზიკ მკრტიჩიანი „წითელ ხიდზე გაუჩერებიათ“, რომელიც თბილისში გამართული სპექტაკლიდან ერევანში ბრუნდებოდა.
მსახიობი მანქანიდან გადმოსულა, რომ ავტოინსპექციის თანამშრომლებს დანახვებოდა, იმათ კი ისეთი სახეები მიუღიათ, ვითომ ვერ იცნეს და მართვის მოწმობა მოუთხოვიათ. საბუთში ჩაუხედავთ და გამოგვყევითო, უთქვამთ. სხვა რა გზა ჰქონდა, ფრუნზიკაც გულის კანკალით გაჰყოლია.
ავტოინსპექტორებს „დაკავებული“ ხიდის ქვეშ შეუყვანიათ და… პირდაპირ ქართულად გაშლილი სუფრისთვის წაუყენებიათ თავზე, რომელსაც გარშემო ფრუნზიკას მეგობარი ქართველი მსახიობები შემოსხდომოდნენ რუსთაველის თეატრიდან. მსახიობები წამომხტარან, ოქროსფრად მოელვარე კახური ღვინით სავსე სასმისები აუწევიათ და სომხური „ოვ, სირუნ, სირუნ, ინჩუ მოტეცარ“ დაუმღერებიათ…