თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ერთ თვეზე მეტია, ბელარუსის მოქალაქეს, ტურისტ ქალს ეძებენ, რომელსაც მყინვარწვერზე ასვლისას მეხმა დაარტყა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უბედური შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ალპინისტი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მყინვარწვერზე ასვლისას მას და კიდევ ერთ ტურისტს მეხი დაეცა. მეორე ტურისტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაზიანება არ მიუღია. ის მაშველებმა მალევე იპოვეს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებდნენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. დეტალურად შეისწავლეს შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაგრამ ამ ეტაპზე უბედური შემტხვევის შედეგად დაკარგული ბელარუსელი ტურისტის პოვნა ვერ მოხერხდა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს პერიოდულად განაახლებენ", — აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
ამავე დროს, გაუჩინარებული ტურისტის მეგობრები ბელარუსიდან სოციალური ქსელების მომხმარებლებს მის მოსაძებნად დახმარებას სთხოვენ და სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებნ.
განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ალპინისტი ბელარუსიდან ტატიანა ბრისიუკია. 19 ივლისს მას მეხმა დაარტყა და რუსული მხრიდან მთის ფერდობზე გადააგდო. ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა გაუარესებული იყო. ქართველების გარდა, მის ძებნაში ჩართული იყვნენ რუსი მაშველებიც, მაგრამ — უშედეგოდ.