1 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი პრემიერები შედგება:
"ჯეისონ ბორნი" (Jason Bourne) — პოლ გრინგრასის, მეტ დეიმონისა და ქრისტოფერ რაუსის სცენარით გადაღებული რეჟისორ პოლ გრინგრასის ამერიკული შპიონური მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი. „ბორნის“ სერიის მეხუთე ფილმია და ფილმ „ბორნის ულტიმატუმის“ სიქველი. სურათის ცენტრში-სამყარო კატასტროფის პირასაა, ესე იგი მისი დაბრუნების დროა. ნეაპოლში, მიუნხენში, ნიუ-იორკში-მისი სახელი ყველგან იციან. ელიტური სუპერაგენტი, საუკეთესოთაგან საუკეთესო, ლას-ვეგასშიაც თამაში მისი წესებით მიდის. ის ხომ ჯეისონ ბორნია. მთავარ როლებში-მეტ დეიმონი, ჯულია სტაილზი, ალისია ვიკანდერი, ტომი ლი ჯონსი და ვენსან კასელი. თბილისში „ჯეისონ ბორნის“ ნახვა IMAX ფორმატშია შესაძლებელი.
"ძალიან ცუდი დედიკოები" (Bad Moms) — კომედია „ყოფილების აჩრდილების“ შემქმნელების ჯონ ლუკასისა და სკოტ მურისგან. მთავარ როლებში-მილა კუნისი, ქრისტინა ეფლგეიტი და ქეთრინ ხანი. ფილმი მოგვითხრობს იდეალური დედების, გადასარევი ცოლების, წარმატებული კარიერის მქონე კარგი დიასახლისების შესახებ. მაგრამ მცირედი განტვირთვის დროსაც კი მათ მათი მოვალეობის შესახებ შეახსენებენ ხოლმე. გართობის უფლება მხოლოდ მამაკაცებს რატომ აქვთ? და როდემდე უნდა ვითმინოთ ეს? დროა თავზე ხელაღებული დედიკოების გუნდი ცოდვების მორევში გადაეშვას.
"ცხრა სიცოცხლე" (Nine Lives) —ბარი ზონერფელდის კომედია-ფენთეზი. მთავარ როლებში ქევინ სპეისი, ჯენიფერ გარნერი, ქრისტოფერ უოქენი. ტომ ბრენდი-სამსახურში თავით ჩარგული და ოჯახური ცხოვრებიდან ცოტატი ამოვარდნილი მშრომელი მილიარდელია. ქალიშვილის დაბადების დღეზე ის ყიდულობს ყველაზე ძვირფას კატას სახელად მისტერ ფუმფულა შარვალი, თუმცა სიჩქარეში ავარიაში ხვდება, გონზე მოსული კი თავის თავს იმ კატის სხეულში აღმოაჩენს. სანამ ტომ-ადამიანს საავადმყოფოში სძინავს, ტომ-ფუმფულა შარვალი იძულებულია თავის თავზე კატის ცხოვრების ყველა სიკეთე გამოსცადოს და ოჯახის სიყვარული დაიბრუნოს.
"ლუი დრაქსის მეცხრე სიცოცხლე" (The 9th Life of Louis Drax) — ფრანგი რეჟისორის ალექსანდრე აჟის თრილერ-დეტექტივი „ნაცრიფერის 50 ელფერის“ ვარსკვლავით. ფილმის სიუჟეტში ცნობილი ფსიქოლოგი ალან პასკალი ცდილობს საიდუმლოებას ფარდა ახადოს, რომელსაც ცხრა წლის ლუი დრაქსის ცნობიერება ინახავს, რომელიც უცნაური უბედური შემთხვევის მერე კომაშია ჩავარდნილი. ბიჭის დედაზე შეყვარებული ექიმი მომხდარში მამას ადანაშაულებს. მაგრამ რაც უფრო ღრმად იძირება ის ბავშვის ქვეცნობიერებაში, მით უფრო იშლება საზღვრები მისტიკასა და რეალობას შორის.
გასული კვირიდან ქართულ გაქირავებაში გამოვიდა დენის განზელის ბოევიკი „მექანიკოსი: გაცოცხლება“(Mechanic: Resurrection) ჯეისონ სტეთხემისა და ჯესიკა ალბას მონაწილეობით; „ოლდბოის“ და „ბილწი თამაშების“ შემქმნელებისგან პროვოკაციური ეროტიკული თრილერი „მოსამსახურე ქალი“ (Agasshi) და ფედერიკო ალვარესის საშინელებათა ფილმი „არ ისუნთქო“(Don’t Breathe).
თბილისის კინოთეატრებშია უკვე ტოდ ფილიპსის კომედიური დრამა „ბიჭები იარაღით“(War Dogs), ბრიტანული დრამატული თრილერი „შენიღბული აფიორა" (The Infiltrator) ბრაიან ქრენსტონის მონაწილეობით, ასევე კრიმინალური დრამა „ნებისმიერ ფასად“(Hell or High Water) ქრის პაინის მონაწილეობით.
თბილისის კინოთეატრებში უქმეებზე ისევ შეგეძლებათ დევიდ ეირის ფანტასტიკური ბოევიკის „თვითმკვლელთა რაზმი“(Suicide Squad) ნახვა ჯარედ ლეტოს, უილ სმიტის და მარგო რობის მონაწილეობით.
ბავშვებისა და მოზარდების კინო-მულტფილმი „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება" (The Secret Life of Pets) და დებიდ ლოურის ფილმი-ფენტეზი „პიტი და მისი დრაკონი"(Pete's Dragon).