ფრიდი: სააკაშვილი შეცდა, როცა ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა

© photo: Sputnik / Денис Петров / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ აშშ ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ქართულ არმიას ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება მისცა, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ხაინდრავას ფილმს სააკაშვილის მმართველობის შესახებ სექტემბერში აჩვენებენ

„ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედებების დაწყება უბრძანა. მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად. ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა“, — განაცხადა ფრიდმა.

დენიელ ფრიდმა, რომელიც 2008 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თანაშემწე იყო, აშშ-ის პირველ დიპლომატთან სააკაშვილის საუბარი გაიხსენა, რომლის დროსაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტისთვის ომის სცენარის განხილვა აუკრძალა.

„მახსოვს, იყო საუბარი იმაზე, თითქოს ამერიკამ სააკაშვილს საიდუმლოდ მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა: „სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს“. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭიროდ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს“, — განაცხადა ფრიდმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ქვეყნის სტაბილურობა რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობებზეა დამოკიდებული

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთისთვის სანქციების დაწესების ნაცვლად, საქართველოს ეკონომიკის დახმარების თაობაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნა ფრიდმა.

„დასავლეთი მაშინ გაყოფილი იყო. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სანქციებით არ ვუპასუხეთ. დღევანდელი შეფასებით, სანქციების დაწესება, ალბათ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ერთიანობა გვაკლდა. ამიტომ სანქციების ნაცვლად ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება და სტაბილიზება გადავწყვიტეთ. ამ დახმარებით ჩვენ დანარჩენი საქართველო გადავარჩინეთ და, ვფიქრობ, ეს ეფექტური იყო“, — აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ფრიდი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, იმოქმედოს თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე და ქვეყნის მომავალს პოზიტიურად შეხედოს.

„ჩემი რეკომენდაცია საქართველოსთვის იქნება ის, რომ გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ დროში იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც გაქვთ. არ იფიქროთ, რომ მიმდინარე სირთულეები, რომლებიც დასავლეთში დღეს გვაქვს, სამუდამოდ ასე დარჩება“, — განაცხადა დენიელ ფრიდმა.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საზიანოდ.

ყველა ახალი ამბავი
0