თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ცნობილი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი გათხოვდა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონია, რომელზეც მთელი ქართული ელიტა იყო მიწვეული, მარიამობა დღეს, 28 აგვისტოს გაიმართა.
სტუმრებს შორის შენიშნეს მომღერლები ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე, პიანისტი დავით ალადაშვილი, საოპერო მომღერლები პაატა ბურჭულაძე, ნინო მაჩაიძე და მრავალი სხვა.
ქორწილიდან ონლაინ-ტრანსლაცია ახალშეუღლებულთა კოლეგასა და მეგობარს, ცნობილ დირიჟორსა და კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველს მიჰყავდა.
„ორი ძვირფასი და საოცარი ადამიანი ამიერიდან სამუდამოდ დაუკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ცხოვრებას! ჩემო ტკბილო მეგობრებო, ჩემო ანიტა და ოთო, ღმერთმა არ მომიშალოს თქვენი ბედნიერებით, დღეგრძელობით, ჯანმრთელობით და ულევი წარმატებით მონიჭებული სიხარულის განცდა, სულ მალე გამეცნოს თქვენი შვილები!!!“ — წერს „ფეისბუქის“ გვერდზე ნიკოლოზ რაჭველი.
ანიტასა და მის მეუღლეს სამ-სამი მეჯვარე ჰყავდათ. ქორწილში სტუმრებმა და ახალდაქორწინებულებმა კარგად იმხიარულეს, იცეკვეს და იმღერეს. იქვე გაიმართა ანიტა რაჭველიშვილისა და ნინო ქათამაძის დუეტი-ექსპრომტი.
ანიტას რჩეული — ოთარ მაისურაძე ასევე მომღერალი და მუსიკოსი, ქართული ანსამბლ „მძლევარის“ წევრია. ის წარსულში მორაგბე იყო.
ახალგაზრდებმა ერთმანეთი წელს, ზამთარში გაიცნეს. თავისი სასიყვარულო ურთიერთობისა და ნიშნობის შესახებ წყვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა.
ოთარ მაისურაძემ ანიტას ხელი რომანტიკულ გარემოში — ტბაზე ნავით სეირნობისას ანიტას დაბადების დღეს, 28 ივნისს სთხოვა.