მსოფლიოში უნიკალური საცხოვრებელი სახლი ვენაში და 120 წლის ავსტრიული სასტუმრო მარნით

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიხედი ვენაზე
ხედი ვენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობენ, ცხოვრება იმითაა მშვენიერი, რომ შეგიძლია იმოგზაუროო. ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი ევროპაში მოგზაურობის ცოცხალ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. ნაწილი მეორე – ავსტრია.

შევეცდები პირად მოსაზრებებზე აგებული ცოცხალი შთაბეჭდილებები გაგანდოთ. დავაკვირდი, რომ უცხო ქვეყანაში ქვეცნობიერად ყველგან საქართველოსა და ქართულთან პარალელებს ვეძებ ხოლმე…

მორიგი სამოგზაურო პუნქტი იყო ავსტრია, სადაც უნგრეთიდან გადავედით. აქვე მინდა გითხრათ, რომ საზღვრის გადაკვეთის დროს არავინ დაინტერესებულა ჩვენით, რამდენად ლეგალურად გადავდიოდით ერთი ქვეყნიდან მეორეში ან რა გადაგვქონდა ჩანთებით. ამან სულაც არ გაგვახარა და ევროპული უსაფრთხოების სისტემა ჩვენ თვალში, ცოტა არ იყოს, ეჭვქვეშ დააყენა. თითქმის მთელი გზის მანძილზე გვხვდებოდა სადგურები, რომლებიც ელექტრონერგიას ქარის მეშვეობით გამოიმუშავებენ.

ქარის ელექტროსადგურები ავსტრიის ტერიტორიაზე
ქარის ელექტროსადგურები ავსტრიის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
ქარის ელექტროსადგურები ავსტრიის ტერიტორიაზე

ჩვენთან კი მსგავსი ალტერნატიული საშუალებები ვერ იქნა და ვერ დავნერგეთ. პარადოქსია, მაგრამ მზის ქვეყანაში მზეს ვერ ვიყენებთ. თუმცა ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს… ავსტრიისკენ მიმავალ გზაზე თვალში განსაკუთრებით რაც მომხვდა, ის იყო, რომ ამ გადაჭიმულ ველებზე მორბენალი ბავშვების რა მოგახსენოთ და, წამლად ერთი კაციც არსად გვინახავს, ოღონდ, მართლა… იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის, რასაც ვხედავდით, მხოლოდ სცენური დეკორაციები იყო სპექტაკლიდან, რომელშიც მსახიობები არ მონაწილეობენ.

ავსტრია, მოგეხსენებათ, ცივი და ზვიადი ქვეყანაა, არა მხოლოდ კლიმატური გაგებით… აქ მათემატიკური წესრიგი და პატრიარქალური სიმშვიდეა. სასტუმრო, რომელშიც დავბინავდით, ძველ ვენაში მდებარეობს და 120 წლისაა. მას საკუთარი ღვინის მარანი აქვს, სადაც ავსტრიული ტრადიციული სამარკო ღვინოები ინახება. მათ შორის ყველაზე ძველი 1957 წლით თარიღდება.

© თ. გოგნიაშვილი120 წლის სასტუმროს ბაღი ვენაში
120 წლის სასტუმროს ბაღი ვენაში - Sputnik საქართველო
120 წლის სასტუმროს ბაღი ვენაში

დილის საუზმემ სასტუმროს კაფეში ვივალდის მუსიკის ფონზე და ავსტრიულ ნაციონალურ ფორმაში გამოწყობილი მიმტანების თანხლებით ჩაიარა. როგორც ჩანს, ავსტრიელებს ჩვენსავით უყვართ პომპეზურობა და თეატრალობა…

© თ. გოგნიაშვილისორინ პანუსი (მარცხნიდან მეორე) - სასტუმროს დირექტორი
სორინ პანუსი (მარცხნიდან მეორე) - სასტუმროს დირექტორი - Sputnik საქართველო
სორინ პანუსი (მარცხნიდან მეორე) - სასტუმროს დირექტორი

სასტუმროს მეპატრონე სორინ პანუსი ტიპიური ავსტრიელი გახლდათ: ცივი, გამჭოლი მზერით. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია და მარტო ამ ფაქტმა ჩემ თვალში მას ღირსება შემატა, რადგან სხვა სიტუაციაში, მოგეხსენებათ, ჩვენ ნაცნობობას უცხო ქვეყნის ადამიანთან რუკაზე საქართველოს მდებარეობის ჩვენებით ვიწყებთ ხოლმე… 

© თ. გოგნიაშვილირიგითი ტურისტისთვის ავსტრიაში ხანგრძლივად გაჩერება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან აქ ცხოვრება და კვება საკმაოდ ძვირია.
რიგითი ტურისტისთვის ავსტრიაში ხანგრძლივად გაჩერება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან აქ ცხოვრება და კვება საკმაოდ ძვირია.  - Sputnik საქართველო
რიგითი ტურისტისთვის ავსტრიაში ხანგრძლივად გაჩერება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან აქ ცხოვრება და კვება საკმაოდ ძვირია.

რიგითი ტურისტისთვის ავსტრიაში ხანგრძლივად გაჩერება თითქმის წარმოუდგენელია, რადგან აქ ცხოვრება და კვება, მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირია. მეტროთი მგზავრობა 2,5 ევრო ღირს. წარმოიდგინეთ, რომ ეს დაახლოებით იგივე იქნება, თბილისის მეტროში ერთი ჩასვლა რვა ლარამდე ღირდეს. ბილეთებს აქაც თითქმის არავინ გიმოწმებს, ყველაფერი ადამიანების მოქალაქეობრივ სინდისზეა მინდობილი. ტრამვაი, როგორც ყველაზე იაფფასიანი ტრანსპორტი, ისევე, როგორც მთელ ევროპაში, აქაც აქტუალურია. ის სულაც არ ითვლება წარსულის გადმონაშთად, როგორც თავის დროზე ჩათვალეს ჩვენთან და ქალაქის მაგისტრალებიდან, რომ იტყვიან, ერთიანად ამოძირკვეს. რაც შეეხება ფასებს, მნიშვნელობა არა აქვს ცენტრია, თუ პერიფერია, აქ ყველგან და ყველაფერზე მაღალი ფასებია. ავსტრიელები ჩემ გულწრფელ კითხვაზე, როგორ ცხოვრობენ ასეთი მაღალი ფასების პირობებში, თავშეკავებულად ორაზროვნად იღიმებოდნენ და ამით ვხვდებოდი, რომ მათი ხელფასი, სულ მცირე, ხუთნიშნა რიცხვიდან იწყება. გამაოცა იმ ფაქტმაც, რომ ვენაში, ამ გაგანია ტურისტულ სეზონზე, შუა კვირაში მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილი იყო, ან მათი უმრავლესობა გვიან იხსნებოდა. 

© თ. გოგნიაშვილიოპერის წინ ცოცხალი „პრომოები“ გამვლელებს ოპერაში შესასვლელი ბილეთის ყიდვას სთავაზობენ.
ოპერის წინ ცოცხალი „პრომოები“ გამვლელებს ოპერაში შესასვლელი ბილეთის ყიდვას სთავაზობენ.  - Sputnik საქართველო
ოპერის წინ ცოცხალი „პრომოები“ გამვლელებს ოპერაში შესასვლელი ბილეთის ყიდვას სთავაზობენ.

ოპერის წინ პარიკებში და თეატრალურად გამოწყობილი ცოცხალი „პრომოები“ გამვლელებს შოპენისა და შტრაუსის მუსიკის სიყვარულით ანამუსებენ და ოპერაში შესასვლელი უძვირესი ბილეთის ყიდვას სთავაზობენ. მათ შორის ბევრია რუსულენოვანი ემიგრანტი, რომლებიც საქართველოზე ინფორმაციის მიწოდებას არ საჭიროებენ და ჩვენ დანახვაზე ოდესღაც აქ გატარებულ ლამაზ დროს სიამოვნებით იხსენებდნენ. „მიყვარს ქართველები, – მითხრა მე-18 საუკუნის სამოსში გამოწყობილმა ერთმა მათგანმა და დაამატა – თქვენთან კარგი დრო მაქვს გატარებული, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ახლა, როგორც ხედავთ, ვენაში ვარ და ასე ვმუშაობ“…

© თ. გოგნიაშვილითანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მაგალითი ევროპაში
თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მაგალითი ევროპაში - Sputnik საქართველო
თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მაგალითი ევროპაში

ავსტრიაში, მოგეხსნებათ, ყველაფერ ძველსა და ტრადიციულს პატივს სცემენ და ამავე დროს ინოვაციებსაც მიესალმებიან. ვენის გარეუბანში ვიხილეთ თანამედროვე არქიტექტურის შედევრი, უნიკალური შენობა, რომელიც ხე-მცენარეებითაა გაფორმებული და რომლის სანახავად ვენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი. მე, როგორც ამ საოცრების უშუალო თვითმხილველს, უფლება არ მაქვს ამ სახლის ისტორია არ მოგითხროთ: 

მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ქალაქ ვენის ადმინისტრაციამ საკუთარი ხელწერით გამორჩეულ მხატვარსა და არქიტექტორს, ეკოლოგიისთვის მებრძოლ ხელოვანს ფრიდენსრაიხ ხუნდერტვასერს დაავალა, რომ საცხოვრებელი სახლი საკუთარი ორიგინალური პროექტით აეშენებინა. ექსცენტრიულობით გამორჩეული სახლის მშენებლობა 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა და როდესაც 1986 წელს ის დასრულდა, ეს სახლი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობათა რიცხვში მაშინვე ჩაეწერა. შენობა ასიმეტრიულად განლაგებული ფანჯრებით, უსწორმასწორო იატაკითა და ასევე სპეციალურად უსწორმასწოროდ შელესილი კედლებით გამოირჩევა.

© Photo: courtesy of Teona Gogniashviliვენაში ამ სახლს უამრავი ტურისტი სტუმრობს
ვენაში ამ სახლს უამრავი ტურისტი სტუმრობს - Sputnik საქართველო
ვენაში ამ სახლს უამრავი ტურისტი სტუმრობს

ყველაფერი ეს ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეების უნიკალური ორნამენტებითაა გაფორმებული. შენობის ჭრელ ფასადზე ყოველი ოთახი საკუთარი ფერით გამოირჩევა. ამ სახლის მცხოვრებლებს თავისი სახლის კედელზე შეუძლიათ რაც სურთ, ის შექმნან: დახატონ, დაწერონ, დააწებონ… აქ ყოველ ფანჯარას, იმის ნიშნად, რომ მისი ბინადარი თავს მეფედ გრძნობდეს, გვირგვინი აქვს გამოსახული… მხატვარმა შენობის ასაშენებლად მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები გამოიყენა და ამით ხმაურიან მეგაპოლისში ნამდვილი არქიტექტურული ოაზისი შექმნა. რატომღაც ვფიქრობ, რომ ამ სახლში რიგითი კლერკი ან რომელიმე პრაგმატული პროფესიის, მოსაწყენი ადამიანი ვერ იცხოვრებს და აქ მეზობლობაც არა გერმანული, გამორჩეულად ხმაურიანი იქნება, მათი ყოფა კი შემოქმედებითად დატვირთული. მარტო ამ სახლის ხილვითაც შეგიძლიათ იმაში დარწმუნდეთ, რომ ბუნება ავსტრიაში პატივშია და მას, როგორც ქართველები ვამბობთ, ცივ ნიავს არ აკარებენ…

© თ. გოგნიაშვილიფრიდენსრაიხ ხუნდერტვასერის სახლში 50 ბინაა 200 ბინადრითა და 250 ხით.
ფრიდენსრაიხ ხუნდერტვასერის სახლში 50 ბინაა 200 ბინადრითა და 250 ხით. - Sputnik საქართველო
ფრიდენსრაიხ ხუნდერტვასერის სახლში 50 ბინაა 200 ბინადრითა და 250 ხით.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყოველი ბაღი იქ ეროვნული საგანძურის რანგშია აყვანილი. წარმომიდგენია, თვით უემოციო ავსტრიელებიც კი როგორ აქტიურად გაიოცებდნენ, თუ შეიტყობდნენ, რომ თბილისში, რომელიმე ფუნქციონერის ხუშტურის გამო, შესაძლოა მთელი პარკი ისე გაიჩეხოს, რომ ამ დანაშაულისთვის პასუხი არავის აგებინონ. 

ახლა ქართულ-ავსტრიული პარალელი სხვა კუთხითაც განვიხილოთ: საქართველოში ყოველთვის ვწუხვართ იმ სიბინძურის გამო, რაც ჩვენი ქალაქის ქუჩებშია, მაგრამ ის, რაც წმინდა სტეფანეს ტაძრის წინ ხდება, მინდა გითხრათ, რომ ქართულ სიტუაციაზე ნაკლები არაფრითაა… სპეციალურად ტურისტებისთვის ტაძრის წინ ჩამწკრივებულ ეტლებში შებმული ცხენების გამო, რომლებიც ბუნებრივ მოთხოვნილებას იქვე იკმაყოფილებენ, ირგვლივ საშინელი სუნი დგას… აქ გამახსენდა ჩემი უცხოელი ნაცნობის აღშფოთება იმის გამო, რომ სვანეთში, ადგილობრივთა სახლებში, სადაც საქონელი ბინადრობს, აუტანელი ანტისანიტარიააო… ამგვარი პარალელი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეღავათი და გამართლება ვერ იქნება, მაგრამ მისი არშემჩნევაც შეუძლებელია…  

კაფე-ბარებში სერვისი აქაც საუკეთესო და ოპერატიულია, სხვა საქმეა, ტურისტის ჯიბე ასეთ ასტრონომიულ თანხას რამდენად გასწვდება. ინტერესის გამო ქართულ პროდუქციას ბევრ მაღაზიაში ვკითხულობდი, მაგრამ ამაოდ. დარწმუნებული ვარ, უცხოურ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას მიჩვეულ ადგილობრივებს თუნდაც ერთხელ რომ გაესინჯათ ჩვენებური, ნატურალური პროდუქტი, რაიმე სხვა ალტერნატიულის მოთხოვნა, შესაძლოა, არც გაუჩნდებოდათ. არა მგონია, ამ შემთხვევაში მაინც, ქართულად სუბიექტური ვიყო. ასე რომ, ობიექტურად დავაფასოთ ყველაფერი ქართული, რაც მართლაც ქებისა და აღნიშვნის ღირსია…

© თ. გოგნიაშვილიN1 ტრამვაი
N1 ტრამვაი - Sputnik საქართველო
N1 ტრამვაი

მუზეუმებში შესასვლელი ბილეთი ძვირი ღირს, ამიტომ აქ იძულებული ხარ იმის ნახვით დაკმაყოფილდე, რაც უფასოა. ასეთი უფასო სანახაობა, პირველ რიგში, ვენის ქუჩებია, სადაც შეგიძლია N1 ტრამვაის საშუალებით გადაადგილდე, რომლის ყოველი გაჩერებაც ფაქტობრივად ტურისტულ მარშრუტად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ტურისტულ ავტობუსებს, ისინი ვენის გარეუბანში, მე-19 რაიონამდე მიდის და ბევრი ლამაზი ადგილის ხილვის მოწმე გახდებით. განსაკუთრებული სანახავია ღამის ვენა. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, ამ ქალაქის არისტოკრატული სული შეიცნოთ. 

ვენას დავემშვიდობეთ. მოგზაურობის მორიგი პუნქტი პრაღაა…

(გაგრძელება იქნება)

ყველა ახალი ამბავი
0