ადამიანებს გონიათ, რომ მიცნობენ... მე კი მგონია, რომ ცდებიან...

მაიკლ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი ისეთი განსაკუთრებული… შეიძლება ითქვას, ზემიწიერი ენერგიით არის დაჯილდოებული, ნიჭზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ…სულ ცოტა ჩვენც თუ გადაგვდო ან გვიწილადა,  ეს სამუშაო კვირა ნამდვილად წარმატებული გვექნება… შეიძლება, პრემიასაც კი გამოვკრათ ხელი…

ის, რაღა თქმა უნდა ჩვენს კიბეზე თავისი ცნობილი, სრიალა სიარულით  ამოვა… ისე, თითქოს წონა საერთოდ არ გააჩნია და რაღა თქმა უნდა, შეასრულებს საცეკვაო ილეთებს, რომლებშიც ერთმანეთს  ცვლის რაღაც საოცარი, კუთხურ-წყვეტილი უხეშობა და ოვალურად წელვადი გრაცია…  სავარაუდოდ, მას ეკეთება შავი, ნუ, ძალიან მაგარი სათვალე და შლიაპა… თუმცა… არც ის არის გამორიცხული, წითელ ტყავის ქურთუკში მოგვევლინოს ან მოოქროვილ-მოვერცხლილ ტანისამოსში… ან ქათქათა განიერსახელოებიან პერანგში, რომელიც, პირადად ჩემი აზრით, მაინც ყველაზე მეტად უხდება…

მსოფლიოში სახელგანთქმული „ცვილის ფიგურების დედოფლის“, მადამ ტიუსოს მუზეუმმა მისი 5 ფიგურა გაამზადა, თუმცა ამ საკითხში ის მაინც ჩამორჩება მადონასა და ელვის პრესლის… მათ საკუთარი 6-6 ფიგურა აქვთ ნანახი (მადონას კი ამ რიცხვის გაზრდის პერსპექტივა დღესაც  გააჩნია)…

სამაგიეროდ, ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ვერავინ ვერ შეედრება ერთ მთავარ ტიტულში — 1997 წელს ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ადამიანად აღიარეს! 

მაიკლ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონი - Sputnik საქართველო
მაიკლ ჯექსონი

ეს გახლავთ ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე, მსახიობი, სცენარისტი და ფილანტროპი მაიკლ ჯექსონი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1958 წლის 29 აგვისტოს…

სხვათაშორის, იმ სიარულის მანერას, რომლითაც ის ჩვენს კიბეებზე ამოვიდა და სადაც უკვე გამოვაკარი საპატიო დაფა: „აქ გაიარა მაიკლ ჯექსონმა“… ქვია „მთვარის სიარული“, რომელიც მან 1983 წელს შემოგვთავაზა და რომელზეც თავად ამბობდა: „ჩემი სიარული სულაც არ არის მთვარის… ეს მთვარე დადის ჩემსავით“…, თუ კაიაო…

მთავარი კინაღამ გამომრჩა — ჯექსონის კიდევ ერთი, ყველა მომღერალი ვარსკვლავისგან გამორჩეული წოდება  - ის აფრიკის დასავლეთის  ნამდვილი მეფეა. კერძოდ, გაბონის მეფე, რადგანაც 1992 წელს, სწორედ ამ ტიტულით დააჯილდოვეს ის გაბონის, სპილოს ძვლის ნაპირის მაცხოვრებლებმა…

ბარემ დანარჩენ „წვრილ-წვრილ“ წარმატებებსაც უცებ ჩამოვთვლი — მაიკლ ჯექსონი აღიარებულია პოპ-მუსიკის ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად, ცნობილია, როგორც „პოპ-მუსიკის მეფე“, არის  15 „გრემის“ მფლობელი, 25-ჯერ შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. მისი გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა მილიარდს აღემატება, 2009 წელს კი ოფიციალურად აღიარებულია „ამერიკის ლეგენდად“ და „მუსიკის ხატად“…

მეტი წარმატება, ალბათ, მართლაც ძნელად წარმოსადეგია… 

© Sputnik / Denis Aslanovმაიკლ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონი - Sputnik საქართველო
მაიკლ ჯექსონი

ამავე დროს, მაიკლ ჯექსონი გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული საქველმოქმედო მოღვაწეობით. ის 2-ჯერ იყო წარდგენილი ნობელის მშვიდობის პრემიაზე (1998 და 2003 წელს), სხვათაშორის, გინესის წიგნში შეტანილი მისი ერთერთი რეკორდი ასევე დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან — ის აღმოჩნდა პოპ-ვარსკვლავი, რომელიც ყველაზე ფართო სამოქველმოქმედო საქმიანობით გამოირჩეოდა (უკვე იმ დროისთვის ის მხარს უჭერდა 39 საქველმოქმედო პროექტსა და ორგანიზაციას). საქველმოქმედო საქმიანობაშიმისი უახლოესი მეგობრები და კოლეგები  იყვნენ პრინცესა დიანა, ნელსონ მანდელა და დედა ტერეზა. 1985 წელს მაიკლ ჯექსონმა ლაიონელ რიჩთან ერთად შექმნილი სიმღერის «We Are The World» საშუალებით, შეაგროვა და „აფრიკის დახმარების ფონდს“ გადასცა 63 მილიონი დოლარი, 1986 წელს მის მიერ „აფროამერიკელების განათლების გაერთიანებულ ფონდში“ გადაცემულმა თანხამ საშუალება მისცა 97 განსაკუთრებით ნიჭიერ აფროამერიკელს  მიეღოთ უმაღლესი განათლება. 1988 წელს მაიკლმა შეისყიდა რაბჩო ნევერლენდი, (2800 ჰა), რომელშიც საცხოვრებლად გადავიდა და რამდენიმე წელიწადში იქ თავშესაფარი იპოვეს ავადმყოფმა და უსახსრო ბავშვებმა. რანჩოს ტერიტორიაზე იყო განთავსებული საბავშვო რკინიგზა, კინოთეატრები და ატრაქციონები, რომლებიც სპეციალურად ხეიბარი ბავშვებზეც იყო მორგებული…1992 წელს მაიკლ ჯექსონმა შექმნა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი Heal The World, რომელშიც გადარიცხა მსოფლიო ტურის — Dangerous-ის დროს მიღებული მთლიანი თანხა… აქ გავჩერდები… თუმცა კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია… და…

როგორი გულსატკენიც და დასანანიც არ უნდა იყოს, კარიერაში მის მიერ მიღწეულმა სიმაღლეებმა, ჯილდოებმა, პოპულარობამ და ფინანსებმა ვერ გადაარჩინეს ის ისეთი, ალბათ, ყველაზე საშინელი ხიფათისგან, რასაც ქვია ადამიანების შური,  შუღლი  და უმადურობა…

შეგახსენებთ დიდი ვაჟას უკვდავ სიბრძნეს: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“…

არც მინდა იმ ბრალდებების გამეორება, რაც მას წამოუყენეს… არც იმ „ნაყიდი“ და „სენსაციების მოყვარული“  ჟურნალისტის სახელის გახსენება, ვინც მაიკლმა მეგობრად მიიღო და ენდო ბოლომდე… და რომელიც, სავარაუდოდ, დღესაც  არც გრძნობს არავითარ სინდისის ქეჯნას… მაიკლმა სწორედ თავისი კარიერის ზენიტში გაიარა ყველაზე  დამამცირებელი პროცედურები. მართალია, ერთ-ერთმა მთავარმა ბრალდებულმა აღიარა, რომ ის მამამ აიძულა, მიეცა ასეთი ჩვენებები, რადგანაც ფულის გამოძალვა სურდა ჯექსონისგან (მოგვიანებით, მისმა მამამ თავი მოიკლა),  მაგრამ ამ დროისთვის, მაიკლი უკვე იღებდა დიდი რაოდენობით დეპრესიის საწინააღმდეგო წამლებს და მათზე იყო მთლიანად დამოკიდებული… სხვათაშორის, ის ერთი წუთით არ მიუტოვებიათ მის უახლოეს მეგობრებს: დაიანა როსს, უითნი ჰიუსტონს, ელიზაბეტ ტეილორს, სტივ უანდერს, მაკოლეი კალკინს და მის ყოფილ მეუღლეს ლიზ მარია პრესლის, რომელიც მაიკლთან დაშორების მიუხედავად, ყველგან იმეორებდა, რომ მასზე კარგად არავინ არ იცის, თუ რა კარგი და გულწრფელი ადამიანია მაიკლი…

თავად მაიკლ ჯექსონი კი ამბობდა: „არ განსაჯოთ ადამიანი, სანამ მას პირადად არ დაელაპარაკებით, რადგანაც ყველაფერს, რასაც ადამიანზე მის ზურგს უკან საუბრობენ, ქვია ჭორი“…

მაიკლის ირგვლივ მთელი ცხოვრება ჭორები ტრიალებდა… ჭორაობდნენ, რომ მას კანის გათეთრება სურდა და ამიტომ გამუდმებით იკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს… თუმცა თავად რამდენჯერმე ცადა აეხსნა, რომ დაავადებული იყო იშვიათი ავადმყოფობა ვიტილიგოთი, რომელიც გამოიხატებოდა ფერმენტების დარღვევაში… მე ნამდვილად არ ვიცი მისი დიაგნოზი, მაგრამ, თუნდაც იგონებდეს ამას და მართლა იკეთებდეს პლასტიკას, ეს ხომ მისი პირადი საქმეა და მითუმეტეს, თუ ეს პროცესი წარუმატებლად წარიმართა, ეს მისი პირადი ტკივილი და ტრაგედიაა და  ამის გარჩევა და საქვეყნოდ გამოტანა, ყველაზე ცოტა, — არაეთიკურია და არაჰუმანური…

2009 წლის, 25 ივნისს, მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა პროპოლოფის ინიექციის დიდი დოზის შედეგად. დღემდე მიმდინარეობს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება. იმ ექიმს კი, ვინც გაუკეთა ინიქეცია,  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს…

გამოთხოვების ცერემონიას, რომელიც ჩატარდა ჰოლივუდში, 2009 წლის 7 ივლისს, მაიკლის 2 შვილი ესწრებოდა. წესის აგების შემდეგ, ეკლესიის მსახურმა ელ შარიტონმა მიმართა ჯექსონის შვილებს: „თქვენს მამაში არაფერი ყოფილა უცნაური… უცნაური იყო ის, რასაც ის ცხოვრებაში, სამწუხაროდ,  შეეჯახა“… ამ სიტყვების დროს, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა, რითაც გამოხატა მაიკლ ჯექსონისადმი განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა… და მხარდაჭერა… სამწუხაროდ და სავარაუდოდ, ცოტა დაგვიანებით…

მაიკლ ჯექსონი ამბობდა — „რაც უფრო დიდია ვარსკვლავი, მით უფრო ადვილად ამოსაღებია ის სამიზნეში“…

მე მჯერა, რომ სადღაც ცაში ანთია ცოტათი დაღლილი, ოდნავ იმედგაცრუებული მაგრამ მაინც ძალიან მოკაშკაშე ვარსკვალავი, რომელსაც მაიკლ ჯექსონი ქვია… და, სავარაუდოდ, იქაც გამორჩეულია, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, მას და მთვარეს ხომ ერთნაირი სიარული აქვთ…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და იმედიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0