თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ყავის მწარმოებელი კომპანია „რიჩის“ ხელმძღვანელობას პროდუქციის ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.
გამოძიების ვერსიით, კომპანიის ხელძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილი ბარდის ფხვიერ მასას, შემდეგ აფასოებდენ 100 გრამიან, 500 გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ, როგორც 100%–იანი ყავის რეალიზებას ახდენდნენ.
ყალბი პროდუქციის რეალიზება თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე ხდებოდა; ასევე, აღნიშნული ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ხდებოდა დაფასოების გარეშეც.
საგამოძებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდის მარცვლები. ასევე ამოღებულია დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.