თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ფრანგი სიმღერების ავტორი, შემსრულებელი და ინსტრუმენტალისტი, პოპულარული ანსამბლ Modjo–ს ყოფილი სოლისტი იან დესტალი საქართველოში კონცერტს გამართავს.
შემსრულებელი კონცერტს ბათუმში დღეს, კლუბ Take Five–ში გამართავს. საღამო 23:00 საათზე დაიწყება.
იან დესტალი საქართველოში კონცერტს პირველად არ მართავს. ის ქვეყანაში უკვე გამოვიდა სამჯერ: 2011, 2014 და 2015 წლებში.
Modjo – ფრაგული მუსიკალური ჰაუს–პოპ–დუეტი იყო. მისი წევრები იყვნენ რომენ ტრანშარი (პროდიუსერი) და იან დესტალი (ვოკალისტი). მათი თანამშროლობის შედეგად შეიქმნა კომპოზიცია Lady (Hear Me Tonight), რომლითაც მათ სახელი გაითქვეს.
მორიგი ერთობლივი სინგლის No More Tears შემდეგ იანმა და რომენმა სოლო კარიერა დაიწყეს.
იან დესტელმა გამოუშვა ალბომი The Great Blue Scar, რომელიც Queen–ის მანერაშია ჩაწერილი და ის საფრანგეთში საკმაოდ პოპულარულია.
იანი პარიზელია. ის, გარდა სიმღერისა, უკრავს ფლეიტაზე, კლარნეტზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, პიანინოსა და გიტარაზე. მის მუსიკალურ შემოქმედებაზე ზეგავლენა იქონიეს ჯგუფებმა: Beatles, The Beach Boys, David Bowie, Aerosmith, The Police და Queen.