თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. გადამდგარ პოლკოვნიკს ტრისტან წითელაშვილს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ვიზიტით დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან ბაზას არ ჰქონდა მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი, ნათქვამია პროკურატურის შეტყობინებაში.
აგვისტოს დასაწყისში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ექს-მეთაურმა გიგი კალანდაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ შპიონაჟისათვის გასამართლებული პოლკოვნიკი წითელაშვილი 2015 წელს უკანონოდ მოხვდა საიდუმლო სამხედრო ბაზაზე და გადაიღო ობიექტები ამ ტერიტორიაზე. მოგვიანებით საქმით პროკურატურა დაინტერესდა. თავად წითელაშვილი შპიონაჟის ბრალდებასა და საიდუმლო ობიექტის გადაღებას უარყოფდა, და ამბობდა, რომ ბაზა არ იყო საიდუმლო.
„თავდაცვის სამინისტროდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებისა და პროკურატურის მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს გენერალური შტაბიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ობიექტებს, სადაც იმყოფებოდა მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი, არ ჰქონდათ მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი და აღნიშნულ ობიექტებზე შესვლის უფლება სათანადო ნებართვის შემთხვევაში ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების არმქონე პირებსაც», — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაციის განსაიდუმლოებას ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული ინფორმაციით კი, საბჭოს არ უმსჯელია კონკრეტული სამხედრო ობიექტების შესახებ.
„ამრიგად მედიით გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ 2015 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქართველოს პროკურატურის მიერ აღნიშნულ ფაქტზე არ იქნა დაწყებული გამოძიება“, — ასკვნის საქართველოს პროკურატურა.