ბესიკ ფიფია
იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ, თითქოს რუსეთ-თურქეთის ფრონტზე სასტიკი მოვლენების განვითარებას გრძნობდაო, 1914 წელს კავკასიაში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა კავკასიის არმია დაეთვალიერებინა და პირადად გაემხნევებინა ჯარისკაცები საუკუნო მტერთან, თურქებთან საბრძოლველად.
საიმპერატორი მატარებელი ტფილისში 1914 წლის 26 ნოემბერს, შუადღისთვის შემოვიდა. სწორედ აქ, ამ ქალაქში იყო განთავსებული კავკასიის არმიის შტაბი.
გენერალ-მაიორი დმიტრი დუბენსკი, რომელიც მეფეს თან ახლდა ამ მოგზაურობისას, ამის თაობაზე წერდა: „მეფის ტფილისში, კავკასიის გულში ჩამოსვლამ მთელი ამ ვრცელი მხრის ენით აღუწერელი აღფრთოვანება გამოიწვია. კავკასიის დედაქალაქი ხელმწიფის ჩამოსვლამდე კარგა ხნით ადრე ემზადებოდა საზეიმო შეხვედრისთვის… ქუჩები, მოედნები და შენობები მოეკაზმათ და ტრიუმფალური კარიბჭეც კი აღემართათ… ქალაქის განაპირას მცხოვრებნიც კი მზრუნველად ამკობდნენ სახლებს ფარდაგებით“.
ნიკოლოზ მეორე ვაგონიდან გადმოვიდა და მრავალრიცხოვან დამხვდურს მისალმა, პურ-მარილი მიიღო, ავტომობილში ჩაჯდა და ესკორტის თანხლებით სიონის ტაძრისკენ გაემართა. ხელმწიფეს იქ საქართველოს ეგზარქოსი, არქიეპისკოპოსი პიტირიმი დახვდა სხვა სასულიერო პირებთან ერთად. ტაძარში შესვლამდე მეფე ჯვარს ემთხვია და ნაკურთხი წყალი იპკურა.
მისასალმებელ სიტყვაში არქიეპისკოპოსმა იმპერატორის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჯვრის მტვირთველი საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, და რომ ამ მიწაზე უქადაგიათ წმიდა მოციქულებს: ანდრია პირველწოდებულს, სიმონ კანანელსა და მოციქულთასწორ წმიდა ნინოს.
მისალმების შემდეგ, ნიკოლოზ II-მ ღრმა რევერანსი გააკეთა და სიონის ღვთისმშობლის ხატსა და წმიდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს ემთხვია… მერე კი ეგზარქოსმა ხელმწიფე-იმპერატორს ხატები მიართვა: ივერიის ღვთისმშობლისა და წმიდა მოწამე გიორგისა — გაერთიანებული რუსული და ქართული ეგზარქატის სახელით.
სიონის ტაძრიდან ნიკოლოზ II სომხურ-გრიგორიანული ეკლესიისკენ გაეშურა და მუსლიმური მეჩეთებიც მოინახულა — სუნიტურიცა და შიიტურიც.
იმავე დღის საღამოს, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, სადაც იმპერატორი დაბინავდა, რიგითმა ტფილისელებმა მოიყარეს თავი, რომლებმაც ხელმწიფეს ხილით სავსე კალათები მიართვეს, მუსიკოსებმა დუდუკებს ჩაბერეს, ხოლო მოცეკვავეებმა კინტოური, ლეკური და უზუნდარა შეუსრულეს.
მეორე დღეს ნიკოლოზ II სამხედრო მაღალჩინოსნებისა და ქალაქის მმართველობისთვის მიღება მოაწყო. იმპერატორს მისასალმებელი სიტყვები უთხრეს ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების დიდგვაროვანთა წინამძღოლებმა, კოტე (კოხტა) აფხაზმა და დიმიტრი ნიჟარაძემ.
„მთელი გულით ვმადლობ უძველეს ტფილის-ქალაქს განსაკუთრებულად გულითადი დახვედრისათვის… გთხოვთ, გადასცეთ მთელს მოსახლეობას ჩემი მადლიერება ასეთი წრფელი სიყვარულისა და ერთგულების გამოვლენისთვის, რაც ოდითგან აერთიანებს კავკასიასა და რუსეთს. გავიმეორებ, რომ ვარ ბედნიერი შორეული ჩრდილოეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსვლისა და იმის გამო, რაშიც პირადად დავრწმუნდი: თქვენი გულები ჩემს და დანარჩენი რუსეთის გულებთან ერთად ძგერს. ეს მტკიცე თავდებია იმისა, რომ საერთო მტერთან ბრძოლა ბედნიერად და დიდებულად გასრულდება. და შედეგი ესე ასევე ბედნიერი იქნება რუსეთის უძვირფასესი მარგალიტისთვის — ჩემი უსაყვარლესი კავკასიისთვის“.
იმპერატორი ტფილისის ლაზარეთებსაც ეწვია და დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა — პალატებში შევიდა, დაჭრილებს გაესაუბრა, მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და გიორგიევსკის ბაფთიანი მედლები გადასცა. მერე კი ექიმებთან და მოწყალების დებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ხელმწიფე-იმპერატორი თავად-აზნაურთა საზოგადოებას ეწვია ეკატერინე სარაჯიშვილის სახლში, რომელიც სერგიევსკის ქუჩაზე იდგა და მთლიანად ალმებითა და ფარდაგებით მოერთოთ…
კოტე აფხაზმა ნიკოლოზ II-სძველებური ვერცხლით მოვარაყებული ჯიხვის უზარმაზარი რქა მიართვა, რომელსაც ქართულად ეწერა: „ჩვენს დიდ ხელმწიფეს — ქართველი თავად-აზნაურები, 28 ნოემბერი, 1014 წელი“.
მის შემდეგ კოხტა აფხაზმა იმპერატორს კახური ღვინით შევსებული სასმისი მიართვა და მეფის სადღეგრძელო წარმოთქვა, ხოლო ორკესტრმა და გუნდმა „მრავალჟამიერი“ შეასრულეს. მერე ხელმწიფე მუსიკოსებთან მივიდა და ქართული პატრიოტული სიმღერის, „სამშობლოსა“ და ასევე „ალავერდის“ მოსმენა ინება…
ნიკოლოზ მეორე ტფილისის თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა არტისტული საზოგადოების შენობაში, სადაც მას ალბომიც მიართვეს ქალაქის ხედებით და სადღეგრძელოებიც უთხრეს. ამის პასუხად მეფემ კახური ღვინით სავსე თასს მოჰკიდა ხელი და წარმოთქვა: „მადლობას ვუხდი უძველეს ქალაქ თბილისს ამ კედლებში მხურვალე მიღებისათვის. ბატონებო, მთელი გულით ვსვამ ამ სასმისს ტფილისელებისა და თქვენს სადღეგრძელოდ“.
ნიკოლოზ II ერთადერთი იმპერატორი იყო რუსეთში, რომელიც პირად დღიურებს აწარმოებდა — თანაც, 14 წლიდან. ამიტომაც კავკასიის დედაქალაქში — ტფილისში გატარებული ოთხი დღე ლამის დაწვრილებით აღწერა დღიურში.
იმპერატორმა ტფილისი 1914 წლის 30 ნოემბერს დატოვა. გამომშვიდობებისას ნიკოლოზ II-მ გულითადი მადლობა გადაუხადა მთელ ქართველ ხალხს სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რომელიც მის მიმართ გამოიჩინეს და რომელთა სიწრფელეშიც ეჭვი არასდროს შეუტანია.
„ინებოს უფალმა, კვლავ ვეწვიო კავკასიას მის უდიდებულესობა დედოფალთან და ჩემს ოჯახთან ერთად. გადაეცით ჩემი წრფელი მადლიერება მოსახლეობას!“
წასვლის წინ იმპერატორმა მეფისნაცვალს 25 ათასი მანეთი გადასცა ღარიბებისა და შეჭირვებულებისთვის დასარიგებლად.
ტფილისიდან იმპერატორი ყარსში გაემგზავრა, იქიდან კი სარიყამიშში. ხელმწიფემ კავკასიის არმიის ჯარისკაცები მოინახულა, რასაც უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ფრონტისპირა რაიონში მყოფი მეომრებისთვის…
რამდენიმე დღეში მტერთან სასტიკი შეტაკება დაიწყო…