გიორგი მაჩაბელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ნიუ-იორკში შოტოკან კარატე დოს აკადემია დააარსა. აქ ის ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ამერიკელ თანატოლებთან ერთად სპორტულ უნარ-ჩვენებების სწავლის გარდა ცხოვრების, კაცობის გაკვეთილებსაც უტარებს. ამერიკაში ჩატარებულ ასპარეზობებზე მის გუნდს, როგორც ქართველების გუნდს, ისე იცნობენ და იღებენ. მისმა აღსაზრდელებმა სხვადასხვა შეჯიბრებებზე უკვე სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს. გიორგის ნიუ-იორკში დავუკავშირდი.
-გიორგი, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ნიუ-იორკის კარატეს აკადემია ქართველების მიერაა დაარსებული, ცნობილია, რომ უცხო ქვეყანაში დამკვიდრება არც ისე ადვილია, თქვენ ეს გამოგივიდათ…
— დიახ, თავის დროზე ნიუ-ორკის კარატეს აკადემია მე დავაარსე და საფუძველიც მე ჩავუყარე. ამ აკადემიაში, რომელიც ანტონ ჯღამაძესთან ერთად ამუშავდა, ქართველი ემიგრანტი ბავშვებიც იზრდებიან. ჩვენი აქტიური სპორტიდან წასვლის მიზეზი სწორედ მომავალი თაობის გაზრდა და ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის მათთვის გადაცემა გახდა. ძალიან გაგვიჭირდა დაგვეთმო საკუთარი კარიერა და ასე ვთქვათ, სხვა რანგში გადავსულიყავით. როდესაც ხედავ, ჩვენი გაზრდილი ბავშვები როგორ ხდებიან ამერიკის საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონები, ვრწმუნდებით, რომ ამ მსხვერპლის გაღება ღირდა.
2015 წლის მაისში, თბილისში შოტოკან კარატე დო-ში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ეს იყო პირველი შემთხვევა,როდესაც ჩვენი დედაქალაქი ასეთ დიდ და გრანდიოზულ ტურნირ სმასპინძლობდა. მასზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდული ნაკრები გუნდი 14 კაციანი შემადგენლობით წარსდგა. ძალიან საამაყოა,რომ ამ დელეგაციაში სამი ქართველი ემიგრანტი ბავშვი და ორი ქართველი ემიგრანტი მწვრთნელი ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ დიასპორის სამინისტრომ რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს მიმართ სრული უყურადღებობა გამოიჩინა, ქართველი ემიგრანტები მაინც დიდი სიამაყით ასპარეზობდნენ და წარმატებასაც მიაღწიეს.
- განსაკუთრებული შედეგებით რომელმა ქართველმა სპორტსმენმა გამოიჩინა თავი?
— შოტოკან კარატე დო-ში თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნორჩმა ქართველმა სპორტსმენმა, 7 წლის ლაშა ჭიღრაძემ გვასახელა. მან არაჩვეულებრივი ბრძოლების შემდეგ გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ეს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია, რომელმაც ეს წოდება ასეთ პატარა ასაკში მოიპოვა, მეც კი გამასწრო! 12 წლის ვიყავი პირველად მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი. ასევე კარგად იასპარეზეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ სანდრო ჟოლია და კოკა ჯიქია. მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ აქ, შეერთებულ შტატებში, კარატეს რამდენიმე სკოლაა დაარსებული, სადაც ბავშვებს გამოცდილი ქართველი ემიგრანტი სპორტსმენები ავარჯიშებენ.
ამერიკაში თითოეულ ჩვენგანს: გიორგი მაჩაბელს, ანტონ ჯღამაძეს, კაპიტონ ჯანაშიას, არჩილ ცქიტიძეს, დავით ჯაფარიძეს, გიორგი ელიზბარაშვილს, მამუკა გელაძესა და თენგიზ კარანაძეს ჩვენი საკუთარი კარატეს კლუბი გვაქვს და ჯანსაღ და მოაზროვნე შთამომავლობას ვზრდით. ჩვენი მიზანია, ბავშვები ქუჩას, სიგარეტსა და ნარკოტიკებს მოვაშოროთ და ისინი ძლიერ, მებრძოლ და მოაზროვნე თაობად გავზარდოთ. ჩვენი, ამერიკის ნაკრების ლამაზად მიღებისა და ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტსა და მის ხელმძღვანელობას.
- თქვენი ქართული წარმომავლობის შესახებ ამერიკაში უკვე იციან, არა?
— სხვათაშორის აქ, შეერთებულ შტაბებში, ყველა იმ ტურნირზე, სადაც ვიღებთ მონაწილეობას, არავინ არ გვიხსენიებს, როგორც ნიუ-იორკის აკადემიის გუნდს, როგორც კი დაგვინახავენ, მათი პირველი რეაქცია ასეთია: საქართველოს ნაკრებიც აქ არისო! ჩვენი მოსწავლეების გამორჩეული სპორტული ჟინისა და დამსახურებულად მოგებული პირველი ადგილების გამო, ჩვენი დანახვა ყველგან უხარიათ. ქართული ტრადიციები, ღვინო და ლხინი უკვე აქაურ სპორტულ ელიტასაც გავაცანით. თითოეული ჩვენგანი ამაყია იმიტომ, რომ ქართველები ვართ და კარგი შანსი მოგვეცა იმისა, რომ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ. ყოველი აწეული დროშა ჩვენი სიამაყეა. ახლა 2016 წლის შეჯიბრებებისთვის ვემზადებით, რათა ჩვენმა პატარა ქართველმა ემიგრანტებმა ჩვენი ქვეყანა კიდევ ბევრჯერ ასახელონ. მათ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სიყვარულსა და პატივისცემას ვასწავლით. ეს ბავშვები ადრე თუ გვიან სამშობლოში დაბრუნდებიან და მჯერა, არაფრის შერცხვებათ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი სხვა ერებისგან გამოირჩეოდნენ და აქაც ქართველებად დარჩნენ. ამით ვარ ბედნიერი და კიდევ, ამ წელს გოგო შემეძინა და მამა გავხდი.
-გილოცავთ, რა დაარქვით გოგოს?
— შვილს მია დავარქვით.
-იცით, ეს ლათინურად რას ნიშნავს?
— ნამდვილად არ ვიცი,
-მია- ნიშნავს იჩქარეს…
— აი, ახლა ვხვდები თურმე, რატომ იზრდება ასე სწრაფად. ხუმრობა იქით იყოს და ვეცდები, რომ ჩემი შვილი ბედნიერი ადამიანი გაიზარდოს და ამასთან თავისი ქართული ფესვები არასოდეს დაივიწყოს…