თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. მთავარი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანაში დახმარების გაწევისა და ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, იუწყება შს სამინისტრო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარებისა და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დააკავა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება ზემოთ ნახსენები ორივე მუხმლით მიმდინარეობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში სურმავას 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულის ადვოკატებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.