1991 წლის 19 აგვისტოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის რეფორმებით უკმაყოფილო უმაღლესმა ჩინებმა საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტი ჩამოაყალიბეს.
პუტჩისტების მთავარი მიზანი იმ საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ჩაშლა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირს კონფედერაციად აქცევდა.
პრესითა და ტელევიზიით გადაიცა განცხადება, რომ მიხეილ გორბაჩოვი, გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ვეღარ ასრულებდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მოვალეობას და სსრკ-ის კონსტიტუციის 127.7 მუხლის შესაბამისად პრეზიდენტის უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევის ხელში გადადიოდა.
მიხეილ გორბაჩოვი ამ დროს ყირიმში იმყოფებოდა შვებულებაში, სადაც სასწრაფოდ მოაქციეს იზოლაციაში.
მოსკოვში 4 ათასამდე ჯარისკაცი, 362 ტანკი და 427 ჯავშანმანქანა შეიყვანეს. სადესანტო ჯარების დამატებითი ნაწილები კი ლენინგრადის, ტალინის, თბილისისა და რიგის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) შემოგარენებში გადაისროლეს.
ამის პასუხად დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები.
პუტჩისტების წინააღმდეგ მოძრაობას სათავეში რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაუდგა.
სამი დღის შემდეგ ნათელი გახდა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. 21 აგვისტოს დილით მოსკოვიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, ხოლო 22 აგვისტოს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ოჯახთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა.
ყველა პუტჩისტი, ანუ „გეკაჩეპეს“ ყველა წევრი (ბორის პუგოს გამოკლებით, რომელმაც თავი მოიკლა), მათი მხარდამჭერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვალენტინ ვარენნიკოვი, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი და სხვები დააპატიმრეს და „სამშობლოს ღალატში“ დასდეს ბრალი.
1994 წლის 23 თებერვალს, სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებით, პატიმრებს ამნისტია შეეხოთ და ყველა მათგანი გათავისუფლდა.