თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს — მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაული უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.
უფლის ფერისცვალების დღეს სრულიად მოწმენდილ ცაზეც უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. მაცხოვრის ფერისცვალების დღეს იერუსალიმში, თაბორის მთის თავზე მოწმენდილ ცაზე მთელი დღესასწაულის განმავლობაში ღრუბელი ჩნდება, და ამ სასწაულის სანახავად ყოველ წელს იერუსალიმში უამრავი მორწმუნე მიემგზავრება.
ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ასევე დამკვიდრებულია ხილის კურთხევის ტრადიცია, რომელიც სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობელის მიზნით უფალს სწირავდნენ.